15 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
სწორედ დეპოლარიზაციაა ის მთავარი საკითხი, რისი შესრულებაც უნდა შეძლოს საქართველომ კომისიის მიერ გაწერილ 12 პუნქტში - ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ დეპოლარიზაციაა ის მთავარი საკითხი, რისი შესრულებაც უნდა შეძლოს ქვეყანამ კომისიის მიერ გაწერილ 12 პუნქტში.

კუბულიუსი აცხადებს, რომ ამ გზით საქართველომ მეტი სიცხადე უნდა აჩვენოს, რომ სურს გახდეს კანდიდატი ქვეყანა. 

ევროპარლამენტარის თქმით, უნდა დასხდნენ ოპოზიცია, მართველი გუნდი და სამოქალაქო საზოგადოება და იპოვონ გამოსავალი. 

"ბევრია ისეთი ქვეყნების მაგალითი, რომლებიც დიდი გამოწვევების პირისპირ არიან, საუბარი მაქვს ეროვნულ გამოწვევაზე. როდესაც ისინი ცდილობენ ეროვნული ერთიანობით მთვარობის შექმნა, იქნება ეს ტექნიკური მთავრობა - პოლიტიკოსების გარეშე, თუ მთავრობა - პოლიტიკოსებით, მთავარი პოლიტიკური პარტიებით ეს არის გზა, აჩვენო მოქალაქეებს და საერთაშორისო საზოგადოებას რომ პოლიტიკურ ელიტასა და სამოქალაქო საზოგადოებას ძალა შესწევთ შეთანხმდნენ პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაზე. რადგან როგორც იცით, სწორედ პოლარიზაციაა ის მთავარი საკითხი რისი შესრულებაც უნდა შეძლოს საქართველომ კომისიის მიერ გაწერილ 12 პუნქტში.

ამ გზით საქართველომ მეტი სიცხადე უნდა აჩვენოს, რომ სურს გახდეს კანდიდატი ქვეყანა. ამიტომ, ეს პრობლემა თუ არ დაიძლია, არცერთი განცხადება, არცერთი სამუშაო ჯგუფი და არცერთი ბრალდება ამ საქმეს არ გამოადგება. მე მხარს ვუჭერ რეალურ ნაბიჯებს და არა განცხადებებს. მმართველი გუნდის პასუხისმგებლიანი ქცევა რეალურ სიცხადეს შესძენს საერთაშორისო საზოგადოებისა და ინსტიტუტებისთვის, რომ საქართველოს მართლაც შეუძლია პოლარიზაციის გამოწვევასთან გამკლავება.

ტექნიკური მთავრობის იდეა დაიბადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენებით, როცა მთავრობა მიზანმიმართულ შეცდომებს უშვებს. მმართველი პარტიის პოლიტიკა ქმნის რეალურ პრობლემებს იმისთვის, რომ საქართველომ რეალურად მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ მუდმივად ვსვამთ კითხვას, თუ როგორ შეუძლია ევროპას საქართველოს დახმარება. ასევე რა სახის ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეფექტურად, რომ დავარწმუნოთ ევროპული საზოგადოება.

საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ რაციონალური და სათანადო დასკვნები უნდა გააკეთონ იმ კრიტიკისა და რეკომენდაციების შემდეგ, რაც კომისიამ გასცა.

საქართველოს სურს წევრობა, ევროკავშირი ქვეყანას სთავაზობს პირობებს, რომელიც საქართველომ სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. პირობები არ არის ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა, არამედ ეს არის გზა, რითაც შეგვიძლია დახმარება. სწორედ ამიტომ, ვერ ვიქნებით ჩუმად, როცა საქართველო შეცდომებს უშვებს. ეს ქმნის საქართველოსთვის ბარიერებს სტატუსის მოსაპოვებლად.

ჩვენ ჩვენი მოვალეობები გვაქვს. ამიტომ უპასუხისმგებლოდ ვერ მოვიქცევით. ჩვენ არ ვცდილობთ საქართველოში რევოლუციას. მარტივად ვამბობთ იმას, რასაც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა ვამბობდეთ. ამიტომ უნდა გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები საერთაშორისო საზოგადოების დასარწმუნებლად.

ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ რა პასუხისმგებლობაც აკისრიათ. თუ ამას ვერ გააკეთებენ, მაშინ ნუ ეწყინებათ ისტორიაში მათი სახელები თუ ჩაიწერება არც ისე სასიამოვნო კონტექსტით. ხალხი გამოვიდა მასშტაბურ დემონსტრაციაზე. ახლა ჯერი პოლიტიკოსებზეა, ადექვატურად მოიქცნენ. უნდა დასხდნენ ოპოზიცია, მართველი გუნდი სამოქალაქო საზოგადოება და იპოვონ გამოსავალი. მნიშვნელოვანი საკითხია ასევე სასამართლო სისტემის რეფორმირება, რომ ის უფრო გამჭირვალე გახდეს. ბევრი საკითხია სადისკუსიოდ. საუკეთესო გამოსავალია ეროვნული ერთიანობის მთავრობა და რაც მთავარია გააკეთეთ საქმე , ნუ დაელოდებით დეკემბრის თვეს", - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.

დღის ამბები