პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ე.წ. ტექნიკური მთავრობა არადემოკრატიული ინსტრუმენტია და ის ხელისუფლების მიტაცებას ნიშნავს.
პაპუაშვილის თქმით, ანტიდემოკრატიულ ინსტიტუტებს ხელისუფლება არ დაუშვებს.
"შემაშფოთებელია, ტექნიკური მთავრობა ეს არის არადემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაჟღერდა. მათ იმის მიუხედავად, რომ არ აქვთ არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია, პირდაპირ პრეტენზია განაცხადეს იმასთან დაკავშირებით, რომ იყვნენ მთავრობის დაკომპლექტების მონაწილეები. ეს არის პირდაპირი უარყოფა დემოკრატიის, ხალხის ნების გვერდის ავლით მთავრობის დაკომპლექტების სურვილი. სწორედ ეს არის ხელისუფლების მიტაცება - ტექნიკური მთავრობა ნიშნავს ხელისუფლების მიტაცებას. რა თქმა უნდა, ასეთი იდეების მიმართ სიმპათიის გამოხატვა არ არის კარგი, ვინაიდან, ხელს უწყობს პოლარიზაციას. ანტიდემოკრატიულ ინსტიტუტებს არ დაუშვებს ხელისუფლება. ერთადერთი, რაც ამან შეიძლება გამოიწვიოს, საზოგადოებრივი მღელვარებაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.