26 დეკემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ევროპარლამენტარების მორიგი რჩევა და კუბილიუსის განსხვავებული პოზიცია - რატომ მიაჩნია არარეალურად ტექნიკური მთავრობის შექმნა "ოცნებას"

გასულ კვირას სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის აქციებზე გაცხადებულ იდეას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც იზიარებს. თბილისის მიმართ კრიტიკულობით გამორჩეული ევროპელი დეპუტატი ფიქრობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ტექნიკური მთავრობა შეძლებს.

ევროპარლამენტარის მოსაზრებას ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან სრულად მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებელი" იზიარებს. პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ტექნიკური, დროებითი, მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ოპტიმალური გამოსავალია.

ევროპარლამენტარის რჩევას მწვავე კრიტიკა მოყვა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან. მმართველმა პარტიამ კუბილიუსის მოწოდებას შეურაცხმყოფელი უწოდა და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად აღიქვა.

კუბილიუსისგან განსხვავებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე თანაბრად ანაწილებენ სხვა ევროპარლამენტარები. ევროდეპუტატების ნაწილი დღეს იმასაც ამბობს, რომ მოლდოვა-უკრაინისგან საქართველოს გამოყოფა სტრატეგიული შეცდომა იყო. პოლიტიკოსები ხელისუფლების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებენ და სხვა პოლიტიკურ ძალებს კოორდინირებული საქმიანობისკენ მოუწოდებენ.

ევროპელი პოლიტიკოსების რეკომენდაციას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ პარტიებში. ნაწილი მზადაა, "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ ჯგუფებში იმუშაოს. მეორე ნაწილი კი მმართველ პარტიას საკუთარ ინიციატივებს და ზაფხულში საგანგებო სესიების რეჟიმში მუშაობას სთავაზობს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნებისმიერი დესტრუქციული ქმედების მიუხედავად, მმართველი ძალა ევრორეკომენდაციების თორმეტივე პუნქტს შეასრულებს.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ერთი თვის წინ მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ახლა ქვეყანას ექვსი თვე და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია აქვს.

დღის ამბები