საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, "ყველა კონსტრუქციული ძალის გაერთიანება მნიშვნელოვანია, რათა იყოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციებთან მიმართებით."
დიეგო კოლასი დადებითად მიიჩნევს "ქართული ოცნების" შეთავაზებას პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლოს. ელჩი მიესალმება კონსულტაციებში ჩართვასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ნაბიჯსაც.
"საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ გარკვეული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. არის მკაფიო დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა. არ არსებობს სხვა დღის წესრიგი, გარდა ამ 12 რეკომენდაციისა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კონსტრუქციული ძალა გაერთიანდეს, რათა იყოს პროგრესი ამ რეკომენდაციებთან მიმართებით.
ვფიქრობ, გამამხნევებელია, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინ წასწია შეთავაზების პროცესი, რომ ამ პროცესმა გადაინაცვლოს პარლამენტში. ასევე, გამამხნევებელია, რომ სამოქალქო საზოგადოებამ საკუთარი შეთავაზება გააკეთა. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი არის ახლა, რომ იმუშაოთ ამ რეკომენდაციებზე," - განაცხადა დიეგო კოლასმა.