დაკარგავს თუ არა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთ მანდატს? - ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. მომზადდება დასკვნა, რომელიც უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დეპუტატს ბოიკოტი ოფიციალურად ჰქონდა გამოცხადებული და საკუთარ პოზიციას პარტია სხდომაზე დააფიქსირებს.
"ლევან ვაშალომიძე იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში და ეს არის მისი გამოხატვის თავისუფლების ფორმატში ჯდება. ჰქონდა მას ეს უფლება. სხვა შემთხვევაა როდესაც კანონმდებლობა, რეგლამენტი და უმრავლესობის გადაწვეტილება აბსოლუტურად სხვას ფიქრობს და სხვა გადაწყვეტილებებზე არის მორგებული," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ლევან ვარშალომიძე მეათე მოწვევის პარლამენტში არცერთ სხდომას არ დასწრებია, შესაბამისად, დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
"საერთოდ არ გამოჩენილა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, ანუ პრაქტიკულად იმყოფებოდა პოლიტიკურ შატალოზე. გამომდინარე აქედან, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს რომ პარლამენტის წევრი რომელიც შეურაცხყოფას აყენებს საპარლამენტო ინსტიტუტს, ასევე, თავის ამომრჩეველს, რომელსაც სთხოვა რომ პარლამენტში იმუშავებდა და პოლიტიკურად გადააგდო თავისი ამომრჩეველი, ბუნებრივია, დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და ამას საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტს საქართველოს პარლამენტი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საკითხი დღის წესრიგში ლევან ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დადგა. "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების გაუქმების გამო, ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ადგილმონაცვლე პარლამენტში ვერ შევა - ეს კი ოპოზიციისთვის საერთო ჯამში მინუს 6 მანდატს ნიშნავს.