ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეთანხმებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ ნიშნავს, ავტომატურად, დამატებით დაფინანსებას, თუმცა, პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, პოლიტიკური სტატუსის მიღებას ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა ექნება.
"კანდიდატის სტატუსის მინიჭება პირდაპირ არ ნიშნავს კონკრეტულად დაფინანსებას, თუმცა პოლიტიკური სტატუსის მიღება არის სიგნალი საბანკო სექტორისთვის, სამეწარმეო სექტორისთვის, რომ ეს ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი, შესაძლოა უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, ბიზნესმოლოდინები, ფინანსური სტაბილიზაციის ელემენტები ბევრად უფრო მაღალია, რაც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის სტაბილურ, მაღალ შემოსავალს", - აცხადებს ბეჟაშვილი.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კი ამბობს, რომ თანხა რეფორმებზეა მიბმული, თავისთავად რეფორმები კი ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.
"ავტომატურად, რომ "სტატუსი მივიღე და ფული მივიღე" - არ არის. თანხა მიბმული არის რეფორმებთან, შესაბამისად, ამ რეფორმების განხორციელებაში, რაც არის და გაწერილი იქნება სტატუსის მიღებიდან ევროკავშირის წევრობამდე, შესასრულებელია რეფორმები. ამ რეფორმების დახმარებაში იქნება ჩართული ევროკავშირი და ეს რეფორმები გულისხმობს, თავისთავად, ფინანსურ დახმარებას," - აცხადებს ჩიხლაძე.
უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ფინანსური დახმარების მოლოდინი არ არსებობს, რასაც სხვა ქვეყნების სტატისტიკა აჩვენებს.
"პრაქტიკული სტატისტიკა ამოვიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, სადაც არანაირი განსხვავება დაფინანსების მიმართულებით არ არსებობდა იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელიც იყო პერსპექტივის მქონე, მეტიც, პერსპექტივის მქონე ქვეყანას, შეიძლება, უფრო მეტი დახმარება ჰქონოდა.
კანდიდატ ქვეყანას არანაირი განსხვავებული დაფინანსების მიმართულებით, სტატისტიკის მიხედვით არ გააჩნდა და ეს დაადასტურა ევროკავშირის ელჩმა," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.