27 დეკემბერი 2024,   02:50
ვრცლად
პროკურატურამ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გვარამიას დანაშაულის კვალიფიკაციასთან, ასევე მეორე ეპიზოდში გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით - საქმის პროკურორი

ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს პირველი სხდომა გაიმართა - საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვას, რაზეც ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას ორივე მხარე ასაჩივრებს. დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვები მოისმინეს.

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას დანაშაულის კვალიფიკაციასთან, ასევე მეორე ეპიზოდში, გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით გაასაჩივრა. 

"როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლო "რუსთავი 2"-სთვის 6 მილიონ 700 ათასი ლარის ზიანის მიყენების ფაქტი შეაფასა, როგორც საწარმოო ორგანიზაციაში უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებად და არა გაფლანგვად, რასაც, ბუნებრივია არ ვეთანხმებით. აქ აღსანიშნავია, რომ სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მტკიცებულებები და დაადასტურა, რომ ნამდვილად დანაშაული არის ჩადენილი, თუმცა არ დაგვეთანხმა სამართლებლივ შეფასებაში, ასე ვთქვათ - კვალიფიკაციაში. ამ ნაწილში გვაქვს ჩვენ გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში ჩვენი მსჯელობა, ჩვენი სამართლებლივი არგუმენტები იქნება გაზიარებული.

მეორე ეპიზოდს რაც შეეხება, ეს არის გამამართლებელი განაჩენი, რასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია არ ვეთანხმებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ვითხოვთ, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეიცვალოს ამ ნაწილშიც განაჩენი და გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ნიკა გვარამიას და ზურაბ იაშვილის მიმართ," - აცხადებს გუბელაძე.

დღის ამბები