08 დეკემბერი 2024,   23:43
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დაიწყო - შეიცვლება თუ არა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მსჯავრდებულის ვრცელი სიტყვით დაიწყო. "რუსთავი 2"-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე მას პირველ ინსტანციაში მისჯილი 3 წლით და 6 თვით პატიმრობა აქვს გასაჩივრებული. გვარამიას განცხადების მთავარი ადრესატიც ამ განაჩენის ავტორი მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე იყო, რომელსაც 2 თვის წინ, სასჯელის გამოცხადების შემდეგ, ამერიკის საელჩომ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე უარი უთხრა.

საათნახევრიან სიტყვაში მსჯავრდებულმა დიდი დრო დაუთმო პოლიტიკურ განცხადებებსაც.

მსჯავრდებულის ვრცელი სიტყვის შემდეგ, პროცესი ადვოკატების შუამდგომლობით გაგრძელდა. გვარამიას უფლებადამცველები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოწმეებად დაკითხვას და მათი დასკვნების საქმეზე დართვას მოითხოვდნენ. მოსამართლეებმა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს.

პროცესს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სიტყვიერი შელაპარაკება შემდეგი სხდომის თარიღის დასახელებამ გამოიწვია. შემდეგი პროცესი მოსამართლემ 4 ოქტომბერს ჩანიშნა.

ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაცვისა და ბრალდების საჩივრების საფუძველზე დაიწყო. შეიცვლება თუ არა განაჩენი - მხარეებს საპირისპირო მოლოდინები აქვთ.

ნიკა გვარამიას პროცესს დიპლომატები აკვირდებოდნენ, რომლებმაც სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს. პროცესს ესწრებოდნენ პოლიტიკოსები და მსჯავრდებულის ოჯახის წევრები.

ნიკა გვარამიას პროცესს და სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებებს შეფასებები მოჰყვა პარლამენტშიც. მმართველ გუნდში განაჩენის გამო, მოსამართლისთვის ამერიკაში ვიზიტის შეზღუდვაზე საელჩოს განმარტებებს ითხოვენ.

შეიცვლება თუ არა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილი განაჩენი - სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისთვის, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.

დღის ამბები