15 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
წერეთელს მოუწია ეღიარებინა, რომ მისი მხრიდან შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი - მმართველი გუნდი ვატო წერეთლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე

აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ვატო წერეთლის განცხადებას მმართველ გუდში აფასებენ. პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, წერეთელმა "ტვ პირველის" ეთერში გუშინ თქვა, რომ ყურში გადაჩურჩულება ლაშქარავას გარდაცვალების თემას უკავშირდებოდა.

"ოხანაშვილს ვუთხარი ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზეათქო," - განაცხადა ვატო წერეთელმა.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ვატო წერეთელი თავდაპირველად ამბობდა, რომ ანრი ოხანაშვილი მასთან მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა, ახლა კი წერეთელმა ამ განცხადებით ანრი ოხანაშვილის ვერსია დაადასტურა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის თქმით, არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, სანამ გამოძიება დაადგენს, რა მოხდა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე. 

"არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწრო, გამოძიება დაადგენს და გასცემს პასუხს ყველაფერ იმას, რასაც ადგილი ჰქონდა იმ დღეს, როდესაც, როგორც ჩანს, ბატონი წერეთელი გეგმავდა პროვოკაციას, რომელსაც არც მეტი არ ნაკლები ადგილი ჰქონდა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე," - განაცხადა ღუდუშაურმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, წერეთელს მოუწია ეღიარებინა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას.

"ის პროვოკაციული ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა, რასაკვირველია, რომ შეეცდებოდა მისი ავტორი თუ გაუვიდოდა დაემალა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ დაიმალა ეს ყველაფერი და მას მოუწია იმის აღიარება რაღაც მომენტში, რომ კი, მისი მხრიდან ამ ე.წ ჩაჩურჩულების ფორმით მძიმე შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა. ეს ააშკარავებს ამ შემთხვევაში და ფარდას ხდის რეალურად რა მოხდა და ტყუილი იყო საზოგადოებისთვის პირველივე წუთებში შეთავაზებული ვერსია, რომ თითქოს მოულოდნელად ვინმე ვინმეს თავს დაესხა. ეს ამავდროულად ააშკარავებს არამხოლოდ ამ ინციდენტის შინაარს, არავინ დაიჯერებდა, რომ ვიღაცა უცბად მივარდა და ცემა დაუწყო ვინმეს, ააშკარავებს მათ შორის კეთილსინდისიერების ფაქტორსაც," - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები