15 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
კავშირები რომ არსებობდა სოსო გოგაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ეს არის დღესავით ნათელი - ირაკლი კობახიძე

კიევში სოსო გოგაშვილისა და გია ლორთქიფანიძის შესაძლო საიდუმლო შეხვედრაზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები გრძელდება.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, სოსო გოგაშვილთან დაკავშირებული საკითხებით და კითხვებით გამოძიება უფრო ადრე უნდა დაინტერესებულიყო.

"ინფორმაციის გადაცემაზე პირველად ამ დღეებში ხომ არ ისაუბრა ბატონმა გოგაშვილმა?! რამდენი თვეა და წელია უკვე ამაზე საუბრობს. ის გამოძიებაც, რის გამოც არის დაკავებული, ღია წყაროებიდან რაც მოვისმინეთ, დაწყებულია თითქმის 1 წლის წინ. რატომ სჭირდებოდა ამ ყველაფერს 1 წელი და ამდენი ხნის შემდგომ რეაგირება. თუ რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, აქამდე რას ელოდებოდნენ?!" - აღნიშნა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება მმართვე გუნდს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოძიებამ კითხვებს ბოლომდე გასცეს პასუხი. მისი თქმით, ის, რომ გოგაშვილს კავშირი ჰქონდა ენმ-სთან, ნათელია.

"გამიჭირდება დეტალებში შესვლა, ეს ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა კავშირები რომ არსებობდა მასსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ეს არის დღესავით ნათელი. მათ შორის, "ნაცმოძრაობის" კუთვნილ მედიასაშუალებებთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი. რას ეფუძნებოდა ეს არ ვიცოდით, რაღაც ეჭვები და მტკიცებულებები, როგორც ჩანს გაჩნდა. ამით ყველა უნდა დაინტერესდეს, მათ შორის, გამოძიებაც," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

"კურიერის" ინფორმაციით, საიდუმლო შეხვედრა სოსო გოგაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს შორის 2018 წელს შედგა, რის შემდეგაც სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ნათესავის სახელზე სასტუმრო "ხირსა" გადააფორმეს - ეს არის ობიექტი, რომელიც სიღნაღის რაიონში მდებარეობს. მოგვიანებით 2021 წელს, სასტუმრო ნათესავმა სოსო გოგაშვილის შვილს გადაუფორმა. "კურიერის" ინფორმაციით, სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა კიევში საიდუმლო ინფორმაცია გაცვალა, რის სანაცვლოდაც უძრავი ქონება მიიღო. სოსო გოგაშვილის შვილი "კურიერთან" ადასტურებს, რომ სასტუმრო მის საკუთრებაშია. იგივე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერითაც. მანამდე "ხირსა" დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს ეკუთვნოდა.

დღის ამბები