ფაქტებით დადასტურებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება - ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე გავლენა, მედიაზე გავლენა, ამ შემთხვევაში სწორედ ეს კრიტერიუმები არ არის სახეზე - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხვალ შეხვდება თბილისში მყოფ ევროპარლამენტარებს და საუბარი შეეხება ყველა თემას, მათ შორის დეოლიგარქიზაციასაც.
"ხვალ მაქვს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც ჩამოსული არიან თბილისში, ყველა თემაზე გვექნება საუბარი, ჩვენს ხედვებთან, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან, მათ შორის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა ამაზე. ჩვენ მათ გავაცნობთ რეალურ სიტუაციას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, ვის შეუძლია მიესადაგოს მაგალითად ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა. მე რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ფაქტებით დადასტურებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ეს ცნება - ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე გავლენა, მედიაზე გავლენა და ამ შემთხვევაში სწორედ ეს კრიტერიუმები არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.