30 აგვისტო 2026,   02:32
ვრცლად
აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირების გამო, ასლან ბჟანია იძულებული გახდა, შემთხვევის ადგილი დაეტოვებინა

აფხაზეთში, "პრეზიდენტთან" შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირების გამო, ასლან ბჟანია იძულებული გახდა, შემთხვევის ადგილი დაეტოვებინა, - აღნიშნულის შესახებ ტელეგრამ-არხი RESPUBLICA იუწყება. ბჟანია გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში ადგილობრივებს ხვდებოდა და ინციდენტი სწორედ მაშინ მოხდა.

დაპირისპირება ჯერ კიდევ ღონისძიების დაწყებამდე მოხდა, შეხვედრაზე დასასწრებად მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს შენობაში არ უშვებდნენ.

დარბაზში, როცა დე ფაქტო პრეზიდენტი კითხვებს პასუხობდა, სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ მას რუსეთთან ბიჭვინთის აღმოსავლეთ ნაწილის გასხვისების საკითხზე კულუარულად ახალი შეთანხმების გაფორმების საკითხზე ახსნა-განმარტებები მოსთხოვა, რაზეც ასლან ბჟანიამ მკვახედ უპასუხა - "მისმინე, ჩემი კეთილგანწყობით ნუ სარგებლობ, ადგილზე დაბრუნდი".

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დარბაზში მყოფები ადგილებიდან წამოიჭრნენ და ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი მოხდა.

შექმნილი ვითარების გამო "პრეზიდენტს" შეხვედრის დატოვება მოუწია, თუმცა დაპირისპირება შენობის გარეთაც გაგრძელდა. სოციალურ ქსელში ამ მოვლენების ამსახველი კადრები ვრცელდება.

დღის ამბები