15 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და ოპოზიცია პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს მიღმა - მმართველი გუნდის ოპონენტები ხვალიდან, საკანონმდებლო ორგანოში, ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას დაიწყებენ

ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და ოპოზიცია პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს მიღმა - "ქართული ოცნების" ოპონენტები ხვალიდან საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას დაიწყებენ.

ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ალტერნატიული პროცესია საჭირო, 12 პუნქტთან დაკავშირებით კი საკანონმდებლო ინიციატივებს საშემოდგომო სესიაზე დაარეგისტრირებენ.

"სამუშაო ჯგუფებია თავად პარლამენტში. პირველად იცით, რომ 4 კანონპროექტი იყო წარდგენილი, ახლა გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. მთავარი ამოცანა არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა საკითხი იყოს დამუშავებული, რომელიც იმ 12 პუნქტიან მოთხოვნაშია. შესაბამისად, ამ პროცესში რა თქმა უნდა ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩართულიყო "ქართული ოცნება", თუმცა ის ბოიკოტირებს ყველანაირი ხერხით. ჩვენ მზად ვიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან დავმსხდარიყვაით, სადაც კონკრეტულად გავივლიდით იმ ცვლილებებს, რომელიც საჭიროა კანონპროექტებში, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ეს არ მოისურვა, კლოუნადა უწოდა რიგგარეშე სესიებს და ფაქტობრივად ყველა კარი დაკეტა", - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ყველა კრიტიკული მიმართულებით იქნება შექმნილი ცალკეული სამუშაო ჯგუფი და ყველა სხვადასხვა ოპოზიციონერი, რომელსაც სურვილი ექნება, რომ იყოს ჩართული, თავისი ინტერესების მიხედვით იმუშავებს. გრიგოლ გეგელიას თქმით, აღნიშნული ჯგუფები მუშაობას ხვალიდან დაიწყებენ.

"თუ "ქართული ოცნება" არ მიიღებს სათანადო რეფორმებს, ეს ძალიან ნათელი დასტური იქნება ყველასთვის ამ ქვეყანაში იმის შესახებ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გაწირა საქართველო კანდიდატობის გარეშე დასარჩენად", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ოპოზიციის ალტერნატიული გეგმა არის კრახისთვის განწირული - ასეთი შეფასებები კეთდება მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციონერთა იმ ნაწილზე, რომლებიც ამ დრომდე თავს იკავებენ, მონაწილეობა მიიღონ იმ სამუშაო ჯგუფებში, რომელთა საქმიანობაც უკვე საკანონმდებლო დონეზე არის დაწყებული. "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ უკვე კარგა ხანია არსებობს კონკრეტული გეგმა და ეს გეგმა წარმოადგინა მმართველმა პარტიამ, სადაც არის საუბარი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. მმართველი პარტიის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში.

"ჯერ ამ 12 პუნქტიანი გეგმის გამოცხადებიდან თქვეს, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ეს 12 რეკომენდაცია შეასრულოს, მერე თქვეს, რომ არა ტექნიკური მთავრობა უნდა შევქმნათ და ისე შევასრულებინოთო, მერე სათითაოდ დაიწყეს გეგმებზე მუშაობა - ესეც არ გამოადგათ როგორც ჩანს და ევროპარლამენტარების რეკომენდაციების შემდგომ, რომ საჭიროა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად იმუშაოს - როგორც ჩანს დიდი პოლიტიკური არეულობა გამოიწვია რადიკალურ ოპოზიციაში. ახლა რაღაც გეგმაზე საუბრობენ, რომელიც გულისხმობს თან მუშაობას და თან არმუშაობას; კომიტეტებში მუშაობას და კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფში არ მუშაობას. დიდი პოლიტიკური აურზაურია ამ შემთხვევაში რადიკალურ ოპოზიციაში მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ბევრი მიმართულებით ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები