04 მაისი 2024,   19:43
ვრცლად
"დალის სიზმრები" ასე ჰქვია მხატვრისადმი მიძღვნილ გამოფენას, რომელიც თბილისის ციფრულ სივრცეში პრემიერით გაცოცხლდა 

"ყოველთვის იმას ვხედავ, რასაც სხვა ვერ ხედავს, რადგან ის, რასაც სხვა ხედავს, მე არ მაინტერესებს" - ეს სალვადორ დალის სიტყვებია. "დალის სიზმრები" ასე ჰქვია მხატვრისადმი მიძღვნილ გამოფენას, რომელიც თბილისის ციფრულ სივრცეში პრემიერით გაცოცხლდა.

მოძრავი გამოფენა მნახველებს საშუალებას აძლევს, სიურეალისტი მხატვრის სიმბოლოები და იდეები უკეთ ამოიცნოს. გამოფენაზე ტილოზე შესრულებულ ნამუშევრებს შორისაა მისი სარეკლამო პროექტებიც. დალის სახელს უკავშირდება "ჩუპა-ჩუპსის" ცნობილი ლოგოს შექმნა. გამოფენაზე მხატვრის ნამუშევრების უკეთ აღსაქმელად, დამატებით ეფექტს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალური ნაწარმოებებიც აძლევს.

თანამედროვე სამყაროში კი დალის სიზმრებში მოგზაურობა და მისი ნახატების დათვალიერება სპეცეფექტებითა და 3D განზომილებაში უკვე ხელმისაწვდომია.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორისაა "ომის სახე" საბრძოლო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევარი, რომელიც აღწერს ომის მანკიერ მხარეებს სიკვდილსა თუ ბოროტებას. დალის სიზმრებში მოგზაურობას გვპირდება სალვადორ დალის სიყვარულის ქალღმერთი გალა, რომელიც გაგვახსენებს დიდი მხატვრისა და მეთევზის ქალის სიყვარულის კიდევ ერთ ამბავს.

სალვადორ დალის ნახატებმა ხელოვნებას უკვდავი ნამუშევრები დაუტოვა, რომლებმაც დროს გაუძლეს. ამჯერად მათი ნაწილი თბილისის ციფრული სივრცის საგამოფენო დარბაზში გაერთიანდა. ესპანელი მხატვრის გამოფენაზე დასწრება და დალის სიზმრებში მოგზაურობა, ყველა მსურველისთვის უკვე შესაძლებელია.

 

ავტორი: ნინი ბიჩინაშვილი

 

დღის ამბები