უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში და ამბობს, რომ ომის მიუხედავად, უკრაინა მიმდინარე კვირას სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ერთიანობის დაცვა, გამარჯვებისთვის ერთობლივი მუშაობა არის ეროვნული ამოცანა, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს.
"მნიშვნელოვანი, სიმბოლური კვირა იწყება. კვირა, როდესაც ჩვენ პირველად აღვნიშნავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს, 28 ივლისს. პირველად, ასეთი სასტიკი ომის დროს, დონბასში რვაწლიანი ომის შემდეგ. უკრაინელებს ვერ გატეხენ. მხოლოდ მათ, ვინც არ იცის ისტორიის ჭეშმარიტება და ვერ გრძნობს მის მნიშვნელობას, შეუძლია, ჩვენზე თავდასხმა გადაწყვიტოს. ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ საუკუნეების განმავლობაში, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე და ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, როგორც ეს არაერთხელ მოხდა, მაგრამ ახლა არა! ახლა ერთიანობის შენარჩუნება, გამარჯვებისთვის ერთობლივი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, რომელსაც ჩვენ ყველა აუცილებლად შევასრულებთ. ეს ეხება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩვენს თავდაცვას, ჩვენს კურსს ერთიანი ევროპისკენ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ და ჩვენს უნარს, გავხდეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო," - განაცხადა ზელენსკიმ.