05 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს - რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ამისთვის ხელისუფლება

პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს - ეს არის მთავრობის მთავარი გზავნილიც და მთავარი ამოსავალიც, რაზე დაყრდნობითაც ხელისუფლება წისქვილკომბინატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავრობის სათქმელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა გაახმოვანა. დანარჩენ სხვა პირობებზე შესათანმხებლად ოთარ შამუგია უწყების სახელით მზადყოფნას გამოთქვამს. კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგმას მთავრობა - გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ხელისუფლება, როგორც თავად განმარტავს, ჯერ დაკვირვების რეჟიმშია. მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ახალი, უხვი მოსავალი წისქვილკომბინატების ამოქმედებას ხელს შეუწყობს.

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე კი ხორბლის ფასი რუსეთ-უკრაინის ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ასევე, მკვეთრად შემცირდა სიმინდის, შვრიის, და სოიოს ფასებიც. კლების ტენდენცია ისევ გრძელდება. საქონლის ფასების შემცირებას სხვა ფაქტორებთან ერთად გლობალურად რეცესიის განვითარების რისკების ზრდითაც ხსნიან. ასევე, ერთ-ერთ ფაქტორად, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი და ახალი სახნავ-სათესი მიწების გაჩენის შესაძლებლობაც სახელდება.

ექსპერტების შეფასებით, მარცვლეულის ფასების შემცირებას ასევე შეუწყობს ხელს რუსეთ-უკრაინის შორის, სტამბულში გაეროს ჩართულობით ხელმოწერილი შეთანხმება. დოკუმენტი, რაც უკრაინას აძლევს შესაძლებლობას, ხორბალი და სხვა მარცვლეული ექსპორტზე უსაფრთხოდ გაიტანოს.

სასურსათო უსაფრთხოებასა და მიწოდების ჯაჭვის მაქსიმალურად აღდგენას ისახავს მიზნად ევროკავშირის ახალი დოკუმენტიც. სამუშაო ვერსიის მიხედვით, EU რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის შემსუბუქებას გეგმავს. კერძოდ, რამდენიმე ბანკს, გაყინული აქტივების ნაწილს დაუბრუნებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ეს თანხა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სასუქის შეძენას ან ტრანსპორტირებას მოხმარდება. სანქციების შემსუბუქების გადაწყვეტილება ევროგაერთიანებამ მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლეთი, გლობალური სასურსათო კრიზისის გამო აფრიკული სახელმწიფოების ლიდერების კრიტიკის სამიზნე გახდა.


დღის ამბები