21 დეკემბერი 2024,   16:30
ვრცლად
კომუნიკაციის ფორმა "ფეისბუკ" ბანერებით აშშ-ის საელჩოსგან და მმართველი გუნდის პასუხი - "ოცნება" იმ 150-მდე პარტიას ასახელებს, რომლებიც დემოკრატიულმა ქვეყნებმა აკრძალეს

"ფეისბუკ" ბანერებით კომუნიკაციის ფორმა ამერიკის საელჩოს მხრიდან დღესაც ძალაში დარჩა. ამჯერად, აქცენტი ოპოზიციაზე გაკეთა. "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ" - ამ შინაარსის ქარდი საელჩოს "ფეისბუკ" გვერდზე დღის პირველ ნახევარში აიტვირთა. დიპლომატიურ წარმომადგენლობას სოციალურ ქსელშივე დაუბრუნეს პასუხი უმრავლესობის ლიდერებმა.

"მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია "ნაცმოძრაობისგან", რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული," - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. მმართველი ძალა იმ ათზე მეტ ქვეყანას გულისხმობს, სადაც თითქმის 150-მდე გაუქმებული პარტიაა, მათ შორის, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს საქმიანობა შეუჩერდათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც.

საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვაზე მმართველი გუნდი საუბრობს და ეს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. განაცხადი უკვე გაკეთებულია, თუმცა ყოფილ მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს გზავნილები საზოგადოებაზე გავლენის მოხდენისთვის კეთდება. ოპოზიციის ნაწილი მიზანმიმართულ ხელისშეშლაზეც საუბრობს. ზოგიერთ პარტიაში კი სხვა ქვეყნებში პოლიტიკური ძალების საქმიანობის შეჩერების მაგალითებს კარგად იცნობენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომები გამოსავალი არ არის.

პოლიტიკური დავის საგნად ქცეული ბანერები ერთ-ერთ მთავარი კითხვა იყო დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთანაც. რობინ დანიგანი ე.წ ქარდების კამპანიის შემდეგ საჯარო ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. საკონფერენციო სივრცეში სიტყვით გამოსვლისას კი თქვა, რომ აშშ მოხარული იქნება, იმუშაოს ინკლუზიური გზით ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ ხელისუფლებასთან.

"ძალიან კრიტიკულია, ამომრჩეველს ხმის მიცემისას ესმოდეს, რომ მათ დანამდვილებით იციან, ვის აძლევენ ხმას და რის გაკეთებას აპირებს მათთვის მათი წარმომადგენელი ან პარტია. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს - ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, მოხარულები ვიქნებით, ვიმუშაოთ დემოკრატიული გზით არჩეულ ნებისმიერ ხელისუფლებასთან, ვინც იქნება არჩეული თავისუფლად და სამართლიანად ინკლუზიურად და ღიად ჩატარებულ არჩევნებში," - განაცხადა ელჩმა.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მმართველი პარტია არ გამორიცხავს, რომ პროცესში გარეშე ჩარევების მცდელობები გახშირდეს. ამაზე მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს.

2024 წლის არჩევნებისთვის პარტიებში კამპანია ბოლო ფაზაშია გადასული. ზუსტად 22 დღეში, ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთთან გააკეთებს.

დღის ამბები