16 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
კახა კალაძე "კალა კაპიტალის" შესახებ: ჩემთან დაკავშირებით ვერაფერს ნახავთ კანონსაწინააღმდეგოს, ყველაფერი საჯაროა

ჩემს დეკლარაციაში ყველაფერია ნაჩვენები, ვერაფერს ნახავთ კანონსაწინააღმდეგოს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიის მიერ დასმულ კითხვას „კალა კაპიტალის“ შესახებ.

მისივე განმარტებით „კალა კაპიტალი“ სხვადასხვა საქმიანობით, მათ შორის უძრავი და მოძრავო ქონების მართვითაა დაკავებული.

„რამდენიმე დღის წინ ავრცელებდით ცრუ ინფორმაციას, რომ მე ჩემი რვა მილიონი ჩემი პირადი თანხა სპორტიდან მოყოლებული, გავაქრე. ვითომ სიმართლის გამშუქებელი ტელევიზიები ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება გადახაზოთ, მაგრამ არ გამოგივათ. წლების განმავლობაში სპორტიდან მილიონობით შემოსავალი მქონდა. თუ ნახავთ ჩემს დეკლარაციას ორი წლის წინ შევსებულს, იქვე ჩანდა, რომ შვეიცარიის ანგარიში იყო დახურული. გასულ წელს ჩანდა, რომ იტალიის ანგარიში იყო დახურული. დღეს გაგახსენდათ, რომ თითქოს თანხები გამოვიტანე გუშინ და გავურბივარ სანქციებს. რაც შეეხება „კალა კაპიტალს“ სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების მართვით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მის ფინანსებთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია არის საჯარო და დეკლარაციაში სრულადაა წარმოდგენილი.

"რაც შეეხება ჩემს თანხებს, ყველაფერი საჯაროა. ვერაფერს ნახავთ ჩემთან დაკავშირებით, რომ კანონსაწინააღმდეგო გამეკეთებინოს. დეკლარაციაშია ყველაფერი ნაჩვენები. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ, არ ვიცი ვინ როგორ ავსებს, მაგრამ შემიძლია დავიტრაბახო, რომ ვარ ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვისაც სრულად, სწორად აქვს შევსებული დეკლარაცია. ის, რომ ჩემი თანხები გაინტერესებთ დაელოდეთ იანვარს და ყველაფერი იქნება ასახული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები