ოპოზიციის ნაწილი პარალელურ სამუშაო ჯგუფებს ქმნის - ის პარტიები, რომლებიც "ქართული ოცნების" მიერ დაწყებულ პროცესში არ მონაწილეობენ, მესამე სექტორთან ერთად პარლამენტში შეიკრიბნენ, მსჯელობენ იმ ნაბიჯებზე, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საჭიროდ მიაჩნიათ.
არის თუ არა პროცესი კონსტიტუციური ჩარჩოების დარღვევა და ცდილობს თუ არა ოპოზიციის აღნიშნული ნაწილი ე.წ. ტექნიკური პარლამენტის შექმნას - ეს მოსაზრებები მმართველ პარტიაში გაჩნდა. საპასუხოდ ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ არანაირი ალტერნატიული პარლამენტის მცდელობა არ ხდება. ეს არის შედეგზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფის შექმნა.
"ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ, რომელზეც ვიტყოდი, რომ არის ზეინკლუზიური პროცესი. სრულ თანხვედრაში ვართ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი.
კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლა არის ის, რომ დღეს პრეზიდენტის ხელმოწერილი, ჩვენს მიერ ინიცირებული რიგგარეშე სესია უნდა იმართებოდეს, კომიტეტები უნდა იმართებოდეს და კონსტიტუციას არღვევს "ქართული ოცნება", როდესაც ამას არ მართავს. დღეს "ქართული ოცნება" მოქმედებს პრინციპით, რომ მე ვარ კანონი და რასაც გეტყვი ის შეასრულე. მე ამის შეგუებას არ ვაპირებ," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
საიას ხელმძღვანელის ნიკა სიმონიშვილის შეფასებით კი, საბოლოო ჯამში, ეს პროცესები უნდა გადაიკვეთოს ერთ წერტილში, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც უნდა ისაუბროს ერთად, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.
"მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი ჩვენ ერთად მუშაობას გვთხოვს და აქ ვინმეს ენდობი თუ არა, ამაზე არაა საუბარი, წლის ბოლომდე გეგმა გვაქვს შესასრულებელი.
წინა შეხვედრაზეც დავაფიქსირე ჩემი კრიტიკა პარალელურ პროცესებზე. შეიძლება ოპოზიციას სურს ცალკე მოგვისმინოს ჩვენ და ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პროცესები უნდა გადაიკვეთოს ერთ წერტილში," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
რაც შეეხება მმართვე გუნდს, "ქართული ოცნება" ალტერნატიული ჯგუფების შექმნას არ ეთანხმება. ინიციატივას არ უერთდება ოპოზიციის მეორე ნაწილიც.