15 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება - რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის წერილის შინაარსთან დაკავშირებით

"ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის წერილს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტები თავს იკავებენ იმაზე საუბარს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ელჩი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე განსახილველი საკითხი. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს და ამბობს, რომ  ბევრი ფაქტით დასტურდება, რომ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი და არა „ქართული ოცნება.“

"თავს ესხმის, ირიბად თუ პირდაპირ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას, რომლებიც, ვითომდა, ცდილობდნენ ჩვენს ომში ჩათრევას, ანუ ეს ხაზი ძალიან მკაფიოა. დატოვა სივრცე, რომ სავარაუდოდ, შინაარსზეც ისაუბრებს დეგნანთან შეხვედრის შესახებ. არ იქნებოდა ალბათ ეს პირველი შეხვედრა, იმიტომ რომ ბიძინას არაფორმალური მმართველობა არ არის მარტო ქართული ოპოზიციის პოზიცია. ძალიან ბევრი ფაქტით დასტურდება, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი და არა "ქართული ოცნება". თუ არ მოვისმინეთ ან ელჩის, ან ივანიშვილისგან ინფორმაცია, თუ რას ეხებოდა კონკრეტულად ეს შეხვედრა, ჩვენი ვარაუდი ამ ყველაფერთან, არ მგონია, სწორი იყოს,“ - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ წერილი იმის დასტურია, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს.

"ეს წერილი დასტურია, რომ დღეს ნამდვილად არის ოლიგარქიული მმართველობა და სწორედ ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს ყველაფერს. მეორე, ეს წერილი დასტურია, რომ ის ტრიო არის სწორედ მისი მეორე პროექტი, რომლითაც საქართველოს ბედს ეთამაშება. ეს წერილი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენ ვერ მივიღეთ სწორედ მის გამო. ცრუ დილემების მთავარი ავტორი არის ბატონი ივანიშვილი, აი ეს წერილი ამის დასტურია. სწორედ ეს ცრუ დილემა არის თითქოს ომის საფრთხე საქართველოში," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, ხელი გაუწოდოს შეერთებულ შტატებს და ევროპას და ეს საქართველოსთვისაც და მისთვისაც სასიკეთოდ დასრულდება.

"კელი დეგნანი ხვდება უამრავ ადამიანს, მათ შორის მეც და ეს არ ნიშნავს რომ მე ამის გამო ვარ არაფორმალური მმართველი ან ვინმე სხვა. როდესაც საქართველო არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ჩართული საერთო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მე სულ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებზე საუბარი. ივანიშვილისგან რა ხდება? მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. ტროიკას იმ პროპაგანდისთვის, რასაც აწარმოებს, ახლა გამოვიდა და მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრომა განიზრახა. მე ვურჩევდი მას, რომ ეს მარჯვენა ხელი გააძლიეროს, გაუწოდოს სერიოზულად შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც, როგორც აქამდე იყო ათწლეულების განმავლობაში და მაშინ საქართველოც გადარჩება და თვითონაც,“ - ამბობს დავით უსუფაშვილი.

დღის ამბები