"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამი ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში არ მონაწილეობას, კიდევ ერთხელ ეხმაურება.
კობახიძის შეფასებით, აღნიშნულ პოლიტიკურ ძალებს პროცესები პოლარიზაციისკენ მიჰყავთ.
"ოპოზიციამ შექმნა ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ჯერ უნდოდა ტექნიკური მთავრობა, ახლა შექმნეს ტექნიკური პარლამენტი. ერთი, რომ ეს არის ღიმილისმომგვრელი ამასთან ერთად, ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ეს პოლიტიკური ძალები როდესაც ერთი მხრივ, საუბრობენ 12 პუნქტის შესრულებაზე და მეორე მხრივ, ევროკომისიის დოკუმენტის პირველივე პუნქტს უხეშად არღვევენ, პროცესები მიჰყავთ პოლარიზაციისკენ და ცდილობენ ამის გაკეთებას, ეს თავისთავად მეტყველებს მათ განზრახვაზე. მათი განზრახვა არის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ამისთვის. ჩვენი დღის წესრიგი და ამოცანაა რადიკალურად განსხვავებული. გვინდა, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, სათანადო ფორმატში, საპარლამენტო ფორმატში წარიმართება სამუშაო პროცესები თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით და თორმეტივე პუნქტი შესრულდება პირნათლად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.