15 ნოემბერი 2024,   12:16
ვრცლად
პარალელური შეხვედრები ევროპის 12 პუნქტზე: პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი "ოცნებასთან" კონსულტაციებში მონაწილეობს, სამი პარტია კი მესამე სექტორს ხვდება

ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე პარლამენტში პარალელური შეხვედრები იმართება. ამ წუთებში სამი ოპოზიციური პარტია - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო საქართველოსთვის" და "სტრატეგია აღმაშენებელი" არასამთავრობო ორგანიზაციებს ესაუბრება.

"ლელოს" წევრი ლანა გალდავა განმარტავს, თუ რა თემებზე იქნება დღეს საუბარი.

"12 პუნქტიდან ერთ-ერთი საკითხი შეეხება სწორედ სახალხო დამცველის არჩევის გამჭვირვალეობას, კანდიდატების შეთანხმებას, ამიტომ ეს საკითხი ძალიან მალე დადგება დღისწესრიგში და ჩვენ გვინდა რომ შეჯერებული პოზიციების გვქონდეს არასამთავრობო სექტორთან. დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნება ამ საკითხს, რომელსაც აუცილებლად შევიტანთ ჩვენს შემდგომ საკანონმდებლო პაკეტში. ეს უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნება შეჯერებული და კონსენსუსი იქნება მიღწეული. უნდა იყოს მრავალპარტიულად შეთანხმებული," - განაცხადა ლანა გალდავამ. 

ცოტა ხნის წინ კი დასრულდა "ქართული ოცნების" და დანარჩენი ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა. განიხილეს სასამართლო საკითხები.

"ყველა საკითხზე ჩვენ ვაღწევთ შეთანხმებას და არ დარჩა პრაქტიკულად საკითხები, რაზეც საბოლოოდ ჩვენი მოსაზრებები, არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები არ აისახება საბოლოო კანონპროექტში," - განაცხადა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები