საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებებს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს და ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე "საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში" საუბარი არ ყოფილა, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები უკვე მოჰყვა.
ოპოზიციის შეფასებით, დიდი ალბათობით, ელჩს ივანიშვილისგან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციები აინტერესებდა.
"არცერთ შემთხვევაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესი არ არის საქართველოს რუსეთთან ჩაერთოს ომში. მით უმეტეს, მაღალი ალბათობით საქართველო დიდხნიან წინააღმდეგობას ვერ გაუწევს დასავლეთის აშკარა დახმარების გარეშე.
შეხვედრის თემა რა იქნებოდა - არაფერი... ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო მმართველია, აინტერესებდათ ალბათ მისი პოზიციები. ამაზე იქნებოდა, რა ომის დაწყება ხალხნო?!" - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
"ლელოს" წევრის ლანა გალდავას თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ელჩი შესაძლოა შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს. მას მიაჩნია, რომ დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრაში არაფერი იქნებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აკეთებს. ინტერვიუში კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი "საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში", ან შანტაჟზე ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.