"კრედიტ სუისის" საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა მორიგი განმარტება გააკეთა.
ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, მათთვის გაუგებარია შვეიცარიული ბანკის ქმედებები ყოფილი პრემიერის მიმართ, ვინაიდან თუ სხვა შემთხვევებში ადგილი ჰქონდა დავის მორიგებით გადაწყვეტას, საქართველოს ყოფილ პრემიერთან მიმართებით სამართლებრივი დავა გარდაუვალი აღმოჩნდა.
"კრედიტ სუისს" 607 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა - გადაწყვეტილება ბერმუდას უზენაესმა სასამართლომ მიიღო. ბანკს თანხის დაფარვა 42 დღის განმავლობაში მოუწევს.
"მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას. ახლა მოპასუხე, ბანკის მიერ შექმნილი ტრასტი აცნობიერებდა, რომ მისი შუამდგომლობა აღსრულების შეჩერებაზე იქნებოდა წარუმატებელი და შესთავაზა სასამართლოს, როგორც ალტერნატივა ბანკის მხრიდან, თავისი შვილობილი კომპანიის მისამართით და ჩვენს სასარგებლოდ პირდაპირი გარანტია. ჩვენი კონტრარგუმენტი იყო, რომ რეალური ფულის განთავსება მომხდარიყო სპეციალურ ანგარიშზე და ამ არგუმენტების გაცვლის შედეგად, 25 ივლისის გადაწყვეტილების ძალით, ბანკს დაეკისრა რეალურად ფიზიკური თანხის განთავსება სხვა შვეიცარიულ ბანკში, ეს თანხა განთავსებული იქნება მანამ, სანამ ბანკი არ ამოწურავს ყველა აპელაციას. ყველა დავასთან მიმართებაში ბანკი ეძებდა ან უკვე იპოვა ამა თუ იმ საკითხის მორიგებით დასრულების საშუალება.
ერთი გამონაკლისი არის ჩვენი შემთხვევა, როდესაც ბანკი ჯიუტად არ ავლენს შეთანხმების უნარიანობას და ყველა მეთოდით ცდილობს დავის გაგრძელებას. ეს არის ის კითხვა, რომელიც უკავშირდება შესაძლოა რიტორიკულად დასმულ შეკითხვებს, თუ რა ამოძრავებს ბანკის მენეჯმენტს, რატომ არის მისი დამოკიდებულება ასე ფინანსურად უგუნური და კომერციულად დაუსაბუთებელი. ეს დავა არის სამართლის ფარგლებს მიღმა გასული, არის სხვადასხვა ფაქტები, რომლებიც ბადებენ საფუძვლიან ეჭვებს. ჩვენ ძალიან ფრთხილნი ვართ შეფასებებში, მაგრამ სხვადასხვა თანხვედრა სხვადასხვა ფაქტებისა ბანკის მოქმედებაში და ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება, ასეთი სიჯიუტე და განგრძობადი ხასიათი დავისა, რომელიც ანგრევს ბაკის რეპუტაციას, რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვებს აქ სხვა რამე ხომ არ არის, გარდა ბიზნესის და კომერციის ინტერესისა," - აცხადებს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის” გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი.