"ლელოში" აცხადებენ, რომ რეგიონებში ოპოზიციის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. როგორც პარტიაში განაცხადეს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ტყიბულის საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი, რომელმაც ღიად დააფიქსირა თავისი ნეგატიური პოზიცია ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. ბრალდებებისთვის ტყიბულის საკრებულოსა და მერიაში ჯერ არ უპასუხიათ.
"საქმე ეხება ლაშა და ლერი ბოჭორიშვილებს, რომელთა გათავისუფლება მოხდა რამდენიმე დღის წინ ყალბი ფასადური რეორგანიზაციის შედეგად. ჩვენ ფაქტობრივი მოცემულობით ვამტკიცებთ, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა, რომელსაც სასამართლოში გაეცემა პასუხი," – აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე.
"ლელოს" ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის წევრი აცხადებს, რომ მისი და მისი ძმის გათავისუფლება პოლიტიკური აქტიურობის გამო მოხდა.
"ჩვენი აქტიურობის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. რეორგანიზაციის საფარ ქვეშ დაიწყეს ჩვენი პოლიტიკურად შევიწროვება და პოლიტიკური დევნა. მოხდა ის, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მოხდა 2 შტატის შემცირება, ეს შეგვეხო მხოლოდ მე და ჩემს ძმას," - განაცხადა ლაშა ბოჭორიშვილმა.