15 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
არის განსხვავებული მოსაზრებები პარტიის მხარდამჭერებს შორის, მაგრამ დიდი პარტიის შემთხვევაში ეს ბუნებრივი პროცესია - ნიკა ობოლაძე

ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ერთ ჯგუფს მიმართავს - "პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით!" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"არ დავმალავ, არის მცირე ჯგუფი, რომელიც ჩვენს მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას. მათ აქვთ მიუღებლობა ყოველგვარი სიახლის, ახალი ამომრჩევლის, ახალგაზრდების, რომლებიც ამ ბოლო დროს გვიერთდებიან ბრძოლაში. გაშმაგებული ებრძვიან მათ, ყველანაირად ცდილობენ გული აუცრუონ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე," - აცხადებს ნიკა მელია.

"ჩემთან ბრძოლით და ჩემი, თუნდაც დამარცხებით, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს," - ეს არის ფრაგმენტი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებიდან.

გარკვეულწილად პარტიაში ესმით და იზიარებენ იმ კრიტიკას, რომელიც მხარდამჭერებს აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიისა და წევრების მიმართ. მათი ნაწილი "კურიერთან" აცხადებს, რომ ამ პროცესში არაბუნებრივი არაფერია, რადგან მათი შეფასებით, ენმ არის დიდი პარტია, რომელსაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რომელთა შორისაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა ვისურვებდით, რომ ზოგადად სააკაშვილი უკვე იყოს თავისუფალი და არც უნდა დაეკავებინათ, ის არის პოლიტიკური პატიმარი. რა თქმა უნდა არის განსხვავებული მოსაზრებები პარტიის მხარდამჭერებს შორის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, ზოგს მიაჩნიათ, რომ საკმარისს ვაკეთებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სანამ შედეგი არ არის, შეუძლებელია, რომ თვითკმაყოფილების რაიმე საფუძველი გვქონდეს. ამიტომ, ეს განსხვავებები არსებობს, მაგრამ დიდი პარტიის შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესი," - განაცხადა ენმ-ს სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანმა ნიკა ობოლაძემ.

მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ნიკანორ მელიას გაიგივება მიხეილ სააკაშვილთან არ შეიძლება. ის ნიკა მელიას სიტყვებს იხსენებს, როდესაც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არ უნდა იყოს პარტიის პრიორიტეტი.

"მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ, მისმა დაპატიმრებამ, ლაკმუსის ქაღალდივით, რენტგენივით გააშუქა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი ორგანოს სახე. ნიკანორ მელია ამ აისბერგის თავშია ცხადაია და არანაირი ნდობა ჩემის მხრიდან ნიკა მელიას არ გააჩნია. ეს არის უღირსება. რანაირად შეუძლია ნიკანორ მელიას საკუთარი თავის და მიხეილ სააკაშვილის გაიგივება, როდესაც თავისი პირით აქვს ნათქვამი "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არ უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი". ამაზე მეტი რა უნდა თქვას კაცმა," - განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.

დღის ამბები