15 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
"მათი ინტერესია დისკრედიტირება პროცესის, კანდიდატის სტატუსის არმიღება, რომ იქნებ რამე მღელვარება შემოიტანონ" - "ოცნება" ოპოზიციის ნაწილის შესახებ

ამ წუთებში პარლამენტში შალვა პაპუაშვილის და ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს, მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაა. უფრო კონკრეტულად, მხარეები მსჯელობენ ორი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელმაც უნდა უპასუხოს გამოწვევებს საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებებით. შეხვედრას ისევ არ ესწრებიან ის პარტიები, რომლებიც უმრავლესობასთან ერთად მუშაობაზე უარს ამბობენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ პარტიების მიზანი, რომლებიც პროცესში მონაწილეობას არ იღებენ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაა.

"მიდის მთლიანად პროცესი დისკრედიტირების, რომ რამენაირად, სწორედ ის საკითხი, რომელიც შეეხება ინკლუზიურად განხილვას საკითხებისა, აი ამ ინკლუზიურობას შეუტიონ და დისკრედიტაცია მოახდინონ, რათა საბოლოო ჯამში საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და აქაც, კანდიდატის სტატუსი, კიდევ ერთხელ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის, რომელიც ვხედავთ რომ ერთიდაიგივე არის უკვე, მერამდენედ უნდა გაყიდონ საკუთარი თავი; "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთი კოალიცია, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილები და მათი განაყოფები, აქედან გამომდინარე მათი ინტერესია დისკრედიტირება პროცესის, კანდიდატის სტატუსის არ მიღება, რომ იქნებ რამე მღელვარება შემოიტანონ," - აცხადებს პაპუაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მათი მიზანია მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა, იმუშაონ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან.

"ჩვენ ვმუშაობთ რეგლამენტის შესაბამისად, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ვიმუშაოთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან; ვინც არ იღებს ამაში მონაწილეობას, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ევროპისკენ არჩევანის მოწინააღმდეგეები, ისინი მხოლოდ სიტყვებით სკანდირებენ, რომ მათ სურთ ევროპა, მაგრამ საქმით აკეთებენ ყველაფერ ანტიდასავლურს," - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღის ამბები