26 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
სასამართლოში უჩა მამაცაშვილის სარჩელზე დასკვნითი სხდომა გაიმართა - ის ცილისწამებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს უჩა მამაცაშვილის სარჩელზე დასკვნითი სხდომა გაიმართა. მამაცაშვილმა სასამართლოს ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ მიმართა.

ის ცილისწამებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. საუბარია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, სადაც ანტიკორუფციული მოძრაობის მტკიცებით, უჩა მამაცაშვილის ინტერესი იკვეთება.

ფაქტს ტყუილს და დეზინფორმაციას უწოდებს თავად უჩა მამაცაშვილი. დღეს მოსარჩელე მხარის ადვოკატმა ღიად განაცხადა, რომ ანტიკორუფციული მოძრაობის უკან რეალურად გიორგი კოდუა და დავით კეზერაშვილი დგანან, რომელთაც პირადი ინტერესები ამოძრავებთ.

"რაც სასამართლო პროცესზე დადასტურდა არის ის, რომ ანტიკორუფციული მოძრაობის სპიკერები, ლიდერები და დამფუძნებლები არიან კოდუას პარტნიორები და სწორედ ამ მოძრაობის უკან დგას აღნიშნული პიროვნება. ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე, რომ გარკვეული პირადი მოტივები ამოძრავებდათ, როდესაც ამ კამპანიას იწყებდნენ.  მეორე მხრივ, ამ მოძრაობასთან არის ასოცირებული კეზერაშვილი და შესაბამისად, საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არ არის არანაირი ანტიკორუფციული მოძრაობა და ეს კამპანია მთლიანად კერძო ადამიანის ინტერესებს ემსახურებოდა,"- აცხადებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

კოდუასთან ახლო კავშირს არ უარყოფს ანტიკორუფციული მოძრაობის ლიდერიც, თუმცა ლაშა ფარულავა ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია ქვეყანაში კორუფციულ სქემებს კეთილსინდისიერად იკვლევს. საქმეზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას მოსამართლე 5 აგვისტოს გამოაცხადებს.

დღის ამბები