15 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციებში არ არის მითითებული საარჩევნო ბარიერის დაწევა და ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს - შალვა პაპუაშვილი ოპოზიცასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ

შალვა პაპუაშვილი დღეს ოპოზიციის ნაწილს შეხვდა. იქმნება ორი ახალი სამუშაო ჯგუფი, ერთი, რომელიც  ანტიკორუფციულ საკითხებზე იმუშავებს და მეორე, საარჩევნო სისტემაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში არ არის მითითებული უშუალო საარჩევნო ბარიერის დაწევა და მისივე თქმით, ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. შალვა პაპუაშვილის თქმითვე, დღეს სამუშაო ჯგუფში კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, რაც  საარჩევნო სისტემაში ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას გულისხმობს.

"რეკომენდაციები შეეხება ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნებს და არსებული დასკვნების ანალიზს და თუკი რაიმე დარჩენილი არის ამის გათვალისწინებას საარჩევნო კოდექსში. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ეს გახლავთ ცალკე საკითხი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ 12 რეკომენდაციასთან, ამაზე ყველა თანხმდება.

არ არის პატიოსანი ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე, რომ ჩვენ სხვა ინტერესები და მიზნები ჩავდოთ ამ კალათაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის გზაზე წინსვლა. ამიტომ, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი : ერთი ეს გახლავთ, ევროკავშირის რეკომენდაცია, მისი დაკმაყოფილება და ეს არის ცხადი გეგმა, რომელიც თავად ევროკავშირმა წარმოგვიდგინა და ჩვენ ამას უნდა მივყვეთ, რაც შეეხება სხვა საკითხებს, უნდა შევთანხმდეთ რომ ეს არის სხვა საკითხები და ამაზე მგონი ვთანხმდებით ყველა, რომ ეს არ არის ევროკავშირის საკითხი და ეს უნდა იყოს სხვა ფორმატში, სხვა განხილვის საკითხი. ბარიერთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთქვით, წელს ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ," - აცხადებს პაპუაშვილი.

დღეს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც, რომელმაც ისაუბრა პარტიების ჩართულობაზე პროცესში. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მონაწილეობა პარტიების რეკომენდაციების შესრულებაში დამოკიდებულია თავად ოპოზიციაზე.

"ეს არის მათზე დამოკიდებული, ისინი არიან დღემდე საბოტაჟის რეჟიმში და აქედან ჩანს, რომ მათ არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის მათი სურვილი და მათი ნება, აქედან გამომდინარე, ალბათ იგივე რეჟიმში გააგრძელებენ მოქმედებას. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი დღისწესრიგით, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები