როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აქტიური გამოყენების წამახალისებელი საკანონმდებლო პაკეტის შესამუშავებლად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფმა ძალზედ აქტიურად იმუშავა ამ პერიოდის განმავლობაში, რის შედეგადაც კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება - დააინიციიროს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული 11 საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ინიციატივა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება იმ ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც საკანონმდებლო პაკეტში აისახება.
"მოგახსენებთ ამ ცვლილებათა არსს, რომლის მიღების შედეგადაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უფრო მეტად წაახალისებს ეროვნული სასამართლოების მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სტანდარტების უფრო აქტიურად იმპლემენტაციას, რაც წარმოადგენს ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას.
ყველა საპროცესო კანონმდებლობაში გაჩნდება კონკრეტული სივრცეები იმისთვის, რომ უფრო აქტიურად გამოიყენებოდეს სასამართლოების, ადვოკატების, პროკურორების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან თავიანთი პოზიციების დასაბუთებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.
ამავდროულად, ჩნდება კონკრეტული ვალდებულებები იურიდიული პროფესიებისთვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
კიდევ ერთი ბლოკი ახლებურად დარეგულირებული საკითხებისა შეეხება საკუთრივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც გამოიხატება მათ თარგმნაში, ანალიტიკაში, საზოგადოების (მათ შორის პროფესიული წრეების) ინფორმირებაში.
ახლებურად განისაზღვრება იურიდიული სტატუსი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, როგორც კონვენციის ოფიციალური განმარტებები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, კომიტეტი პაკეტის ინიციირების შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ასევე, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ პრაქტიკული აღსრულების პროცესზე დაკვირვების მიზნით.