ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ცოტა დრო რჩება. 12 პუნქტზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად მიმდინარეობს.
უკვე შექმნილია თემატური ჯგუფები ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის მართლმსაჯულების სისტემა, გენდერი, დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება.
მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, თუმცა ოპოზიციის ნაწილი შეხვედრებს ისევ არ ესწრება.
ენმ-ს წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ემიჯნება თემატურ ჯგუფებს, რომლებიც მისი თქმით, იმიტაციით არიან დაკავებულები.
"ვემიჯნებით კომისიებს, რომლებიც ფოკუსირებულები არიან იმიტაციებით სამუშაო ჯგუფების შექმნით. ჩვენ ვმუშაობთ არასამთავრობოებთან და ყველა შეცვლილი კანონპროექტი იქნება შემოდგომის პლენარული სხდომებისთვის, "ქართულ ოცნებას" მოუწევს ან მიღება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ან თავისი ვერსიების წარმოდგენა," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ფოკუს ჯგუფებთან თანამშრომლობას მისი პარტია არ აპირებს.
მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ 12 პუნქტიან გეგმაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მუშაობა გრძელდება.
"12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში გვაქვს გარკვეული ამოცანები, რომლებიც უკავშირდებოდა გენდერულ თანასწორობას. გვაქვს სამომავლო ნაბიჯები და გვაქვს კონკრეტული კანონპროექტის ინიციატივებიც," - აცხადებს სარჯველაძე.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა გენდერული კუთხითაც მიმდინარეობს.
"მივუახლოვდით იმ ცვლილებებს რისი განხორციელებას გვინდა, ცვლილებები, რომლებსაც წარმოვადგენთ გვინდა, რომ კარგად იყოს დამუშავებული,"- აცხადებს წილოსანი.