აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ პოლიტიკოსები - დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი მივიდა. მათ მემორიალი და საფლავები ყვავილებით შეამკეს. კიდევ ერთხელ ისაუბრეს ომის შედეგებზე და რუსულ აგრესიაზე, რომელიც დღესაც ყველაზე მთავარი გამოწვევაა.
"ჩვენმა გმირმა ვაჟკაცებმა სინამდვილეში არა თუ ტყუილად არ იბრძოლეს, არამედ საკუთარი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე გაიმეტეს იმისათვის, რომ ბევრი სიცოცხლე გადაერჩინათ. რა არის გამოსავალი აქედან იმისათვის, რომ სუვერენიტეტი გადავარჩინოთ, არის ერთობა, სრული მობილიზაცია და კონსოლიდაცია ეროვნული ინტერესის გარშემო," - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამბობს, რომ ეს დღე და 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროსთან.
"ეს არის ჩვენი დაცვაც, უსაფრთხოებაც იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ რუსეთი არანაირად არ ცვლის თავის პოლიტიკას და უკრაინაში მიმდინარე ომი სწორედ ამის დადასტურებაა," - აცხადებს გიგი წერეთელი.