30 დეკემბერი 2024,   20:53
ვრცლად
რამდენიმე წუთში კოლეგის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ 81 წლის ექიმს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ - თეიმურაზ ბეჟანიძემ სროლის ფაქტი უკვე აღიარა

რამდენიმე წუთში კოლეგის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ 81 წლის ექიმს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ თეიმურაზ ბეჟანიძემ სროლის ფაქტი უკვე აღიარა. გადააკვალიფიცირებენ თუ არა მუხლს, რასაც დაცვის მხარე ცდილობს - ჯერჯერობით, უცნობია. 

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენის პროცედურა რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე უკვე იმყოფება დაკავებული 81 წლის მედიკოსის ადვოკატი. რამდენიმე წუთში გამომძიებლები იზოლატორში შევლენ და დაკავებულ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალს ოფიციალურად გააცნობენ. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მას ბრალი იმ მუხლით წარედგინება, რა მუხლითაც გამოძიება არის დაწყებული. კერძოდ კი, მისი კოლეგის გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, რასაც დაკავებული 81 წლის ბეჟანიძე არ აღიარებს, თუმცა აღიარებს სროლის ფაქტს გალდავას კაბინეტში.

კლინიკის დირექტორს, როგორც თავად ბრალდებული ამბობს, მან შეშინების მიზნით ესროლა და მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონია, შესაბამისად ის, განზრახ მკვლელობის ბრალდებას უარყოფს.

"ფაქტს აღიარებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, დეტალურად ჰყვება მომხდარს. რაც შეეხება მკვლელობის განზრახვის ბრალდებას, ამას კატეგორიულად უარყოფს და პოზიციას აფიქსირებს, რომ გასროლა განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ შეშინების მიზნით," - აცხადებს თეიმურაზ ბეჟანიძის ადვოკატი, კახა შონია.

დღის ამბები