21 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
რატომ არ მოხვდა პარლამენტში გადაგზავნილ კანდიდატურებს შორის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე - პრეზიდენტის გადაწვეტილებას პოლიტიკოსები არაერთგვაროვნად აფასებენ

გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტისგან მორიგი შანსი ვეღარ მიიღო. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს დასამტკიცებლად აღარ წარუდგინა. კალანდარიშვილს მეორე ექვსთვიანი ვადა 15 აგვისტოს ეწურება. ზურაბიშვილს ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება. თუმცა, ამბობს რომ მან პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერის მოპოვება უკვე ორჯერ ვერ შეძლო, რაც პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვან მუშაობას აფერხებს.

გიორგი კალანდარიშვილმა დღეს მედიასთან გამოჩენა არ ისურვა. წარდგენილი კანდიდატებიდან კი სატელევიზიო კომენტარი მხოლოდ რევაზ ეგაძემ გააკეთა. ეგაძე ამბობს, რომ ის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შესაბამისად, კანონმდებლების მხარდაჭერის იმედი აქვს.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მოსწონთ ოპოზიციაში. პოლიტიკოსებმა დღეს პრეზიდენტის ქმედებას დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს. თუმცა, თქვეს ისიც, რომ ხელისუფლებას ცესკოს დამოუკიდებელი ფუნქციონირების სურვილი არ აქვს.

ოპონენტების განცხადებებს სპეკულაციურს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კი ოპოზიციასთან პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ უარგუმენტო მოქმედებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ უმრავლესობა წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერისგან სავარაუდოდ თავს შეიკავებს.

5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის შერჩეული სამი კანდიდატიდან 2 რევაზ ეგაძე და თამარ ალფაიძე წარუდგინა. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 5 წლიანი ვადით დასამტკიცებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. თუ კანდიდატებმა ხმების ეს რაოდენობა ვერ მოაგროვეს მაშინ შესარჩევი კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.






დღის ამბები