19 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაბომბა - უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა უდიდესი საფრთხის წინაშეა

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაბომბა. "ენერგოატომის" ინფორმაციით, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 აფეთქება მოხდა. "ენერგოატომში" აცხადებენ, რომ სადგურზე სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელს უკრაინისკენ იშვერს და სადგურის დაბომბვაში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებს.

ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით რომ საფრთხეში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა, ეჭვი არ ეპარებათ ევროპაში. უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში უკვე ხდება მობილიზება. რუმინეთმა მოლდოვას 1 მილიონი იოდიდის აბი გადასცა. ევროპა რომ უდიდესი საფრთხის წინაშეა, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა დღეს კოპენჰაგენის კონფერენციაზეც ისაუბრა და საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ მსოფლიო შესაძლოა ახალი ატომური სადგურის კატასტროფის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

ზაპოროჟიეს ოლქის გარდა ვითარება უკიდურესად მწვავეა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. ქალაქ ბახმუტში ოკუპანტების იერიშს 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. საოკუპაციო ძალებმა მოსახლეობის საცხოვრებელი კორპუსები გრადებით დაბომბეს დნეპროპეტროვსკში. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 13 წლი ბავშვი, 9 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დრომდე ზუსტდება გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ხარკოვში. სარაკეტო იერიში განხორციელდა კრამატორსკზეც.

წინააღმდეგობის 169-ე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევებს განაგრძობენ. ხერსონის ოლქსა და ქალაქ იზიუმთან მათ გენერალური შტაბის ინფორმაციით, წინსვლაც აქვთ. უკრაინის მთავრობა კი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს.

ომის დაწყებიდან დღეს პირველად სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა დონეცკის ოლქიდან. მოქალაქეები უკრაინელმა მოხალისეებმა გამოიყვანეს.

ის ადამიანები კი, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში გადარჩნენ, უმძიმეს საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მათ სახლები აღარ აქვთ და იძულებულები არიან ღამე ღია ცის ქვეშ გაათენონ.

გარდა რეგიონების ოკუპაციისა, უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთმა უკრაინის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საბადოებიც დაიკავა. კანადური საკონსულტაციო კომპანიის ანალიზის მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებული წიაღისეულის ღირებულება დაახლოებით 12.4 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ქვანახშირთან ერთად, სხვა ძვირფასი ენერგიისა და მინერალების საბადოებიც რუსეთის ხელშია. ექსპერტების თქმით, თუ კრემლი დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიის ანექსიას, მოახერხებს, კიევი მისი საბადოების თითქმის ორ მესამედზე წვდომას სამუდამოდ დაკარგავს. უკრაინა ასევე დაკარგავს ბევრ სხვა რეზერვს, მათ შორის ბუნებრივი აირის, ნავთობისა და იშვიათი დედამიწის მინერალების საწყობებს.

დღის ამბები