იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმაზე მუშაობს, დღეს მორიგ სხდომას გამართავს. სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, საპროცესო ვადების დაცვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვა და დისციპლინური საკითხები - ეს არის იმ თემების ჩამონათვალი რაზეც ჯგუფი იმსჯელებს. სისტემაში არსებული პრობლემების ამსახველი დოკუმენტი და რეკომენდაციები დეპუტატებს უკვე წარუდგინა დამოუკიდებელმა იურისტების ჯგუფმა.
"ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლოში არსებობს სერიოზული პრობლემები, რაც უკავშირდება იმას, რომ იქ არსებობს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც ზეგავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლო სისტემა არის ჩაკეტილი და გარედან შეღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია და ეს დადასტურებულია სტატისტიკური ინფორმაციით.
ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლო სისტემის სანდოობა არის დაბალი. ჩვენ ვამბობთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში თავმოყრილია ბევრი უფლება და საჭიროა ამ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. ასევე, საჭიროა თავმჯდომარის ინსტიტუტის საერთოდ გაუქმება,"-აცხადებს დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი.