30 დეკემბერი 2024,   20:47
ვრცლად
დედის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა თბილისში - განსაკუთრებული სისასტიკით მომხდარ დანაშაულს ორი მთავარი ფიგურანტი ჰყავს

14 აგვისტოს ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭი საკუთარი დედის მკვლელობას აღიარებს და მოტივად მშობლის პირად ცხოვრებას ასახელებს.

34 წლის ჟანა ხალილოვას მკვლელობისთვის ბრალდებულ მის არასრულწლოვან შვილს და შვილის მეგობარს, 19 წლის რამილ ნასიბოვს, უმძიმესი ბრალდება მცხეთის იზოლატორში გააცნეს. ირკვევა, რომ სასტიკი მეთოდებით დედის მკვლელობის შემდეგ, არასრულწლოვანმა დანაშაულის ადგილი დატოვა, მამას და ოჯახის სხვა წევრებს გარდაბანში დაემშვიდობა და პოლიციის განყოფილებაში ყველაფერი აღიარა.

"კურიერმა" ბრალის დადგენილება მოიპოვა, სადაც მკვლელობის მოტივზე ჩანაწერი არსებობს. დოკუმენტით ირკვევა, რომ არასრულწლოვანმა სასტიკი დანაშაული მეგობართან ერთად, წინასწარ დაგეგმა.

გაირკვა, რომ გენდერული ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის დანაშაულის ჩადენის დროს, რამილ ნასიბოვი ქალს ბოჭავდა, არასრულწლოვანი შვილი კი, ამ დროს მას დანით სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდა. ჩვენებაში არასრულწლოვანი საზარელი დანაშაულის სურათს დეტალურად ყვება.

"კურიერის" ინფორმაციით, ბრალს აღიარებს რამილ ნასიბოვიც. მისი უფლებების დამცველმა დღეს იზოლატორი უკომენტაროდ დატოვა, მანამდე "კურიერს" ბრალდებულის პოზიცია გააცნო.

მოკლული ქალის ცხედარი ყოფილი მეუღლის სახლში, გარდაბანში გადაასვენეს. მიუხედავად აღიარებითი ჩვენებისა, ნათესავებს არასრულწლოვნის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის არ სჯერათ.

მკვლელობა 14 აგვისტოს, გამთენიისას, ლილოს დასახლებაში მოხდა, სადაც მოკლული ქალი შვილებთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლებს სახლიდან მხოლოდ მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა ესმოდათ. ირკვევა, რომ შემზარავი ფაქტის დროს, ჟანა ხალილოვასთან და ბრალდებულებთან ერთად, მოკლულის მეგობარი ქალიც იმყოფებოდა, თუმცა მას ეძინა და არაფერი გაუგია.

34 წლის ქალის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს მძიმე სასჯელი ემუქრებათ. წარდგენილი მუხლი უვადო პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები