15 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
შალვა პაპუაშილის თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ "ისფედთან" დაკავშირებით არაჯანსაღი სოლიდარობა დააფიქსირა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა კორპორატივიზმი

არაჯანსაღი სოლიდარობა დააფიქსირა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა კორპორატივიზმი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული სარკაზმია იმაში, რომ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან კორპორატივიზმს, თავად იჩენენ ასეთ დამოკიდებულებებს,

მისი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომლის მიხედვითაც, "ისფედის" სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე დროებით აჩერებენ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას, ყალბი სოლიდარობაა.

"გავეცანი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, მათ შორის მათსას, ვინც ჩართულია სამუშაო ჯგუფებში, რომ დროებით აჩერებენ საკუთარ მუშაობას ამ ჯგუფში, რაც არის დასანანი. ერთი მხრივ, თითქოს ეს არის გარკვეული სოლიდარობის ჩვენება, მაგრამ ეს არის არაჯანსაღი სოლიდარობა. ზღვარი სოლიდარობასა და კორპორატივიზმს შორის არის ძალიან ვიწრო და სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს ხდება ზღვარის გადალახვა. ნაცვლად ჯანსაღი სოლიდარობისა, ჩვენ ვხედავთ კორპორატივიზმს, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინაც "ისფედი" იყო მთავარი აქტორი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ერთი თვე მალავდა პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს და მაშინაც მივმართავდით, ისინი დაგვხმარებოდნენ, რეალური პარალელური დათვლის შედეგების ნახვაში. მაშინ ყველა ეს ორგანიზაცია დისტანცირდა ამ თემიდან. ამბობდნენ, რომ მათი პროფილი არ იყო პარალელური დათვლა. არ უნდოდათ კრიტიკა გამოეთქვათ კოლეგა ორგანიზაციის მიმართ.

სწორედ არაჯანსაღი სოლიდარობა დააფიქსირა ახლაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა კორპორატივიზმი. ვფიქრობ, გარკვეული სარკაზმია ამაში, რომ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან კორპორატივიზმს, თავად იჩენენ ასეთ დამოკიდებულებებს. ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან, თითქოს არაფორმალურ მმართველოვას, თავად ითხოვენ არაფორმალურ ძალაუფლებას, როგორც ეს ქნა "ისფედმა" და რამდენიმე არასამთავრობომ იმით, რომ მოითხოვა ვეტოს უფლება მთავრობის ფორმირებაში. ამავე დროს, გავეცანი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის განცხადებას და ვფიქრობ, სწორად გაუსვეს მათ ხაზი იმას, რომ ეს არის "ისფედის" პოლიტიკური პოზიცია და ასევე, ამ განცხადებაში დაფიქსირებული იყო, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აღიარებდნენ სახელმწიფო ისნტიტუტებს და კონსტიტუციურ ორგანოებს, დემოკრატიულ პროცესებს.

"ისფედმა" საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, ისინი კვლავ აყენებენ ამ ულტიმატუმს და აქვთ ეს მოთხოვნა, რომ დააკომპლექტონ მთავრობა თუ ხსნიან თავის მოთხოვნას. თუ ისინი ხსნიან მოთხოვნას, შეუძლიათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა," – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები