15 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
რომ არა ასეთი ფინანსური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან და რეკლამირება ქვეყნის შიგნით, ვინაობაც არავის ეცოდინებოდა იმ ე.წ. გავლენიანი უფლებადამცველების - ნანა კაკაბაძე

"იქმნება ისეთი სურათი, თითქოს მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან და რადგან დაფინანსებული არასამთავრობოები ასოცირდებიან ოპოზიციასთან, ქვეყნის შიგნიდანაც და გარედანაც ისე ჩანს, თითქოს სწორედ ოპოზიციაა ადამიანის უფლებების დამცველი და გულშემატკივარი, ხოლო ხელისუფლების ყველა ნაბიჯი მიმართულია ამ უფლებების დარღვევისკენ. რაც მტკნარი სიცრუეა," - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის’" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე წერს, არასამთავრობოებსა და ნაციონალურ მოძრაობას საერთო პოზიციები გააჩნიათ, რომ არა მათზე გაწეული დიდი ფინანსური მხარდაჭერა და მათი მუდმივი პიარი მათი სახელები საზოგადოებას არ ეცოდინებოდა. 

"არასამთავრობოების" გავლენების ანატომია არასამთავრობო ორგანიზაციების დანიშნულებაა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე რეაგირება. საქართველოში, არასამთავრობო სექტორის განვითარება 90-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო.  პირველი NGO-ები ვმუშაობდით, იმ დროისათვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე. როგორებიცაა: პატიმართა მძიმე პირობები, ტოტალური კორუფცია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სასამართლოში, პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობები და სხვა უკეთურობები, რომელთა აღმოფხვრისთვის გვიხდებოდა კანონმდებლობაზე მუშაობა, საგანმანათლებლო საქმიანობა (ლექციების ჩატარება ძალოვან სტრუქტურებში, წიგნებისა და ბროშურების გამოცემა, ევროპული ღირებულებების შესახებ ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და სხვ.), ასევე პრაქტიკული ბრძოლა კონკრეტული ადამიანის უფლებების დასაცავად. 
მაშინ ეს ახალი ხილი იყო და შევარდნაძის ხელისუფლება შიშითა და პატივისცემით უყურებდა დასავლეთიდან მომავალ სიახლეს. 

შევარდნაძის პოლიტიკის იმდროინდელმა საყრდენებმა მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ ყველაზე კარგად მიხვდნენ (ან გარედან მიახვედრეს) ე. წ. "მესამე სექტორის" მომავალ ძალასა და პერსპექტივებს. სწორედ ეს "რეფორმატორები" იქცნენ ახლადშექმნილი არასამთავროების აქტიურ მხარდამჭერებად, "მეგობრებად" და სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე დიდ ხელშემწყობებად.  პოლიტიკოსების ამგვარმა "მეგობრობამ" დათვური სამსახური გაუწია არასამთავრობოებს, რადგან ჯანსაღი მესამე სექტორის არსი, პოლიტიკაში ჩაურევლობა და ნეიტრალიტეტის დაცვაა.  ე. წ. ვარდების რევოლუციის დროს ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა მთლიანად მიიბა და შთანთქა მესამე სექტორი.
თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ რევოლუციაში ჩააბა, ხოლო შემდეგ ყველა მათგანი აქტიურ პოლიტიკაში გადაიყვანა.

ერთეული არასამთავრობოები დავრჩით ნეიტრალურ პოზიციაში.
პოლიტიკაში გადაბარგებული ჩვენი ყოფილი კოლეგები მთავარი უფლებადამცველებიდან მთავარ უფლებადამრღვევებად გადაიქცნენ. წლების მანძილზე შეუძლებელი აღმოჩნდა დაგვერწმუნებინა უცხოელი პარტნიორები, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სწორედ ენჯეოს ყოფილი წარმომადგენლები იქცნენ მთავარ ჯალათებად და იმ სისასტიკის იდეოლოგებად, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებდა.
უფრო მეტიც, სისხლიანი რეჟიმის სახეებად ქცეულმა ჩვენმა ყოფილმა კოლეგებმა მოახერხეს ჩვენთვის და ჩვენისთანა ნეიტრალურ პოზიციებზე დარჩენილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაეკეტათ დასავლეთიდან მომავალი სასუნთქი ფინანსური საშუალება, ვინაიდან ჩვენ ვაზიანებდით "დემოკრატიის შუქურად" მიჩნეული რეჟიმის იმიჯს. სააკაშვილის ხელისუფლების დროს მესამე სექტორი მოკვდა ან ჩადგა ხელისუფლების სამსახურში.  ნაცების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მათი დიდი ნაწილი პოლიტიკიდან ისევ არასამთავრობო სექტორში გადმოსახლდა და შეეცადა ნეიტრალურის იმიჯის მორგებას. ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ვერავინ დააჯერეს, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერების ნეიტრალურობაში.
მათაც მაინცდამაინც არ გააგრძელეს თამაში და ნიღბები მალევე ჩამოიხსნეს
ვინაიდან "არასამთავრობოებსა" და ნაცებს საერთო პატრონები და პოზიციები გააჩნიათ, დღეს უკვე გახსნილად გეგმავენ და ატარებენ ერთობლივ, ანტისახელისუფლებო აქციებს. 
რაც შეეხება დასავლეთის სხვადასხვა ცენტრებიდან მათ დაფინანსებას, გრანტების სახით, ისინი სულ უფრო აფართოებენ თავიანთი მოქმედების არეალს და გავლენებს (საუბარია ათეულ მილიონობით დოლარზე).შეიძლება ითქვას, წვრილ-წვრილი ოპოზიციური პარტიების მსგავსად ასეთი NGO-ები გადაქცეულები არიან ნაცების პოლიტიკურ უჯრედებად. 

რაც შეეხება მეორე მხარეს მდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ დარჩნენ ნეიტრალურებად და არ იქცნენ პოლიტიკური პარტიების დანამატებად, მათ არც დაფინანსება და არც არავითარი მხარდაჭერა დასავლეთიდან არ გააჩნიათ.
ამიტომაც იქმნება ისეთი სურათი, თითქოს მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან, და რადგან დაფინანსებული არასამთავრობოები ასოცირდებიან ოპოზიციასთან, ქვეყნის შიგნიდანაც და გარედანაც ისე ჩანს, თითქოს სწორედ ოპოზიციაა ადამიანის უფლებების დამცველი და გულშემატკივარი, ხოლო ხელისუფლების ყველა ნაბიჯი მიმართულია ამ უფლებების დარღვევისკენ. რაც მტკნარი სიცრუეა.
თუ ხელისუფლება არ იზრუნებს ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებისთვის და მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის (რასაც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლება აკეთებს საკუთარ ქვეყანაში), ყოველთვის შეიქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მესამე სექტორის სტატუსის მქონე უფლებადამცველები (სინამდვილეში კი პოლიტიკური პარტიის დანამატები) ებრძვიან "ანტიდემოკრატიულ", "ოლიგარქიულ" და "პრორუსულ" ხელისუფლებას. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ გავლენას და ავტორიტეტს მოპოვება უნდაო. რომ არა ასეთი არასამთავრობოების ფინანსური მხარდაჭერა გარედან და ყოველდღიური რეკლამირება ნაცების ტელევიზიებიდან ქვეყნის შიგნით, დარწმუნებული იყავით, ვინაობაც არავის ეცოდინებოდა იმ ე.წ. გავლენიანი უფლებადამცველებისა, რომლებიც ყოველდღე ჭკუას გვარიგებენ ეკრანებიდან,"- წერს ნანა კაკაბაძე.

დღის ამბები