"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საეჭვო ტენდერსა და გარიგებაზე საუბრობს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პეტრე ცისკარიშვილმა ბოლნისსა და მარნეულში კონკრეტულ ტენდერზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, კომპანია "არემჯი გოლდზეა" მორგებული. კომპანიაში ბრალდებებისთვის არ უპასუხიათ.
"ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო სანქციების მე-7 პაკეტი, რომელიც რუსული ოქროს ექსპორტის სრულ აკრძალვას ეხება. შესაბამისად, არის სერიოზული ეჭვი, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები, სწორედ რომ "არემჯი გოლდის" სიმძლავრეებს იყენებენ, რათა რუსი პარტნიორები მტკივნეულ, ფინანსურ პრობლემებს აარიდონ," - აღნიშნავს პეტრე ცისკარიშვილი.
მმართველ გუნდში კი "ნაციონალურ მოძრაობის" განცხადებას მორიგი სიცრუე უწოდეს.
"ჩვენ ვხედავთ მათგან თავდასხმებს. ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერცერთი ფაქტი ვერ დადეს და ვერც დადებენ, ვინაიდან ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, ამ მხრივ "ნაციონალურიმოძრაობაზე" უფრო დამაჯერებელი არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც საქართველოს ძალიან მაღალი შეფასება აქვს საერთაშორისო სანქციებთან კეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.