პარლამენტში ამ წუთებში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი თემა 12 რეკომენდაციის შესრულებაა.
ჯგუფის წევრები მსჯელობენ, როგორ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა. შეხვედრას ესწრება "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" წარმომადგენელი. შეხვედრას ისევ არ ესწრება ოპოზიციის ნაწილი.
"მზად არის რეკომენდაციები, ასევე ევროკავშირმაც მოგვაწოდა რეკომენდაციები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა გახდეს კიდევ უფრო კონკურენტული და არ მისცეს არც ერთ, თუნდაც რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს რაიმე სპეკულაციის საშუალება არჩევნებთან დაკავშირებით," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი იმ საკითხებზე საუბრობს, რასთან დაკავშირებითაც შეხვედრაზე იმსჯელებენ.
"ჩვენი ძირითადი და მთავარი საკითხები კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს არის სადეპუტატო უფლებამოსილების ნაწილში, სადეპუტატო კონტროლის ნაწილში არსებული ინსტრუმენტების გაძლიერება, მათ შორის ეს არის სადეპუტატო წერილის ნაწილზე გარკვეული პასუხისმგებლობა, ასევე მთავრობის წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება, რომელიც არ უნდა იყოს მათ კეთილ ნებაზე დამოკიდებული და უნდა იყოს აუცილებლად რეგლამენტირებული უფრო მკაფიოდ," - ამბობს პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი.