24 აგვისტო 2026,   06:43
ვრცლად
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარი სტიქიასთან ბრძოლას ართულებს - სლესის ციხის მიმდებარედ, 3 ვერტმფრენის მობილიზება გახდა საჭირო

ხანძრის ახალი კერები ბორჯომში, ცეცხლი აწყურის და ქვაბისხევის მიმართულებით ვრცელდება. მეხანძრე მაშველებთან ერთად, ოპერაციაში ჩართულები არიან სამხედროები. პროცესში მონაწილეობს რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი და თურქული ავიაცია. მძიმე ტექნიკის მეშვეობით, თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია.

რამდენიმე წუთის წინ, სლესის ციხის მიმდებარედ, ახალციხის გზაზე, ამოვარდა საკმაოდ ძლიერი ქარი, რამაც გამოიწვია მაღალი დაკვამლიანება. ძლიერი ქარი ხანძრის ახალი კერების გაჩენას იწვევს. საჭირო გახდა ქვაბისხევის მიმართულებით მომუშავე სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის ამ ლოკაციაზე მობილიზება. მიუხედავად შექმნილი გარემოებებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოსახლეობას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. 

ადგილობრივების თქმით, თვეზე მეტია არ უწვიმია. ახალგაზრდები მიდიან რათა ჩაერთონ სტიქიასთან ბრძოლაში, თუმცა ამბობენ, რომ კერები დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორსაა და ამ მხრივ საფრთხე არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა საგანგებო განცხადება, რომლის მიხედვითაც 28 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება საკმაოდ ძლიერი გვალვა, ასევე ძლიერი ქარი.  სწორედ ამიტომ, შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, არ დატოვონ საყოფაცხოვრებო ნივთები ტყის მიმდიბარე ტერიტორიებზე, რადგან ეს შეიძლება გახდეს თვითაალებადი და კიდევ უფრო მეტად გაზარდოს სტიქიის მასშტაბები. 

"ქვეყანაში მომატებული ტემპერატურის გამო, ხანძრის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, არ დავანთოთ ცეცხლი ტყის მასივში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და მინდვრებში. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, მოგიწოდებთ მოქალაქეებს, არ დავანაგვიანოთ ბუნება, არ დავყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ბუნებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გაჩენა," - აცხადებს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მუსელიანი. 

ავტორი : სანდრო სანაია

დღის ამბები