21 დეკემბერი 2024,   20:04
ვრცლად
"მაიმუნის ყვავილი" ამერიკის ყველა შტატშია გავრცელებული - რამდენად საშიშია დაავადება და რას აცხადებენ ჯანმოს ექსპერტები

მასაჩუსეტსში "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ზუსტად სამი თვის თავზე, დაავადება უკვე ამერიკის ყველა შტატშია გავრცელებული. 50-ვე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ქვეყნის მასშტაბით 15 000-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს. მათგან ყველაზე მეტი ნიუ-იორკში, კალიფორნიაში, ფლორიდაში, ტეხასსა და ჯორჯიაშია. შეერთებულ შტატებში ინფიცირების ყოველი მეოთხე შემთხვევა ნიუ-იორკზე მოდის.

ქვეყნის მასშტაბით, დღეში ინფექციის 2300 შემთხვევა ფიქსირდება. შტატების მასშტაბით აქტიური ვაქცინაციაა დაწყებული. ამ დროისთვის 620 000 დოზაა მობილიზებული, უახლოეს მომავალში კი მილიონზე მეტ დოზას ელოდებიან.

დაავადების შემთხვევები იზრდება სასწავლო დაწესებულებებშიც, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ფედერალური სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათივე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაიმუნის ყვავილი სქესობრივი კავშირის გარდა კანიდან კანზე შეხებითაც გადადის.

"მაიმუნის ყვავილის" გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასულ თვეში გამოაცხადა. "მაიმუნის ყვავილის" გამომწვევი ვირუსი, ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც სფეროს ექსპერტები აცხადებენ, ნაკლებად მწვავეა და ინფიცირებით გარდაცვალების შანსიც მცირეა.

დღის ამბები