თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევისა და სტეფანე გიქოშვილის სასამართლო პროცესი იმართება. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის 9 თვიანი ვადა ეწურება.
2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 5 პირი ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, ლაშა სამხარაძე, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი დააკავეს.
ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევს და ლაშა სამხარაძეს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, კახაბერ ქეშიკაშვილსა და სტეფანე გიქოშვილს კი, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ლაშა სამხარაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ამასთან, ბესიკ თამლიანი 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული და მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება. თამლიანს აღნიშნულ საქმეზე 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
დაკავებულების უფლებადამცველის განცხადებით ბესიკ თამლიანი სასამართლოსა და მოსამართლის მიმართ პროტესტის ნიშნად დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდება. ადვოკატის თქმით, თამლიანი ითხოვს რომ მის მიმართ საერთოდ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება და არ აპირებს, რომ ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას- გირაოს დათანხმდეს.