15 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით დამუშავებას

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით დამუშავებას. ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ევროპის საბჭო ავრცელებს.

"კანონპროექტი, რომელიც ცვლის საქართველოს ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენების პროცედურას, მიღებულ იქნა ნაჩქარევად და მოითხოვს, როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, ნათქვამია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ მოსაზრებაში. მოსაზრებაში გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა," – ნათქვამია ევროპის საბჭოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან პირველ ივლისს გადაუდებელი მოსაზრება მოითხოვა. 

ამავე ინფორმაციით, მოსაზრება წარედგინება ვენეციის კომისიას დასამტკიცებლად მის მომავალ პლენარულ სხდომაზე, 2022 წლის 21-22 ოქტომბერს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო ივნისში დაადო.

კანონპროექტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების  პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

დღის ამბები