06 ოქტომბერი 2024,   21:46
ვრცლად
მოზარდი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და დაფეხმძიმდა - რატომ ცვლის არასრულწლოვანი ჩვენებებს და ვის რა პასუხისმგებლობა დაეკისრება

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი კიდევ ერთი მოზარდი - გოგონა აჭარის ერთ-ერთ სოფელში თანატოლმა გააუპატიურა, არასრულწლოვანმა მომხდარი მშობლებს მას შემდეგ გაუმხილა, რაც ფეხმძიმობა ვეღარ დამალა. სავარაუდო დანაშაულის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვერპლის მშობლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. "კურიერის" ინფორმაციით, გოგონა, რომელსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, პირველ ჩვენებაში მომხდარს დეტალურად ყვება და თანატოლს რამდენჯერმე გაუპატიურებაში ამხელს.

"კურიერის" ინფორმაციით, ფეხმძიმე მოზარდმა ჩვენება არაერთხელ შეცვალა, რაც სამართალდამცველებს სავარაუდო მოძალადის დაკავებაში ხელს უშლის. ჩვენი ინფორმაციით, გამოიკითხა სავარაუდო დამნაშავეც, რომელიც ძალადობის ფაქტს უარყოფს. ჯერ კიდევ ივლისში დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძალოვანი უწყება სავარაუდოდ იმ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც გამოჰკითხავს, სადაც გოგონა სწავლობს. სკოლის დირექტორი სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ მოსწავლის მძიმე ისტორია იცოდა, თუმცა შესაბამისი უწყებებისთვის არ მიუმართავს.

გამოიკვეთება თუ არა სკოლის პასუხისმგებლობა მოსწავლეზე ძალადობის საქმეში, ეს გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვევა. მანამდე კი, არასრულწლოვან ფეხმძიმე გოგონას ფსიქოლოგები ეხმარებიან. მოზარდის მდგომარეობას მონიტორინგს სახელწიფო ზრუნვის სააგენტო უწევს.

სააღმზრდელო დაწესებულებებში განათლების დონის ამაღლება - ეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა სფეროს ექსპერტების მხრიდან, რომლებიც არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის მზარდ სტატისტიკაზე საუბრობენ.

მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, განახლებულ სტატისტიკაში მოხვდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ დანაშაულებრივი ფაქტების მატება მიმართვიანობის ზრდასთან კავშირშია. მეურვეობისა და ზრუნვის ორგანოს მონაცემებით, 2019 წლიდან მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდში, შემზარავი დანაშაულის მსხვერპლი 527 არასრულწლოვანი გახდა.

დღის ამბები