15 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს

აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონფერენციის საბოლოო დოკუმენტი დაბლოკა, რადგან ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა, თავად დაბლოკოს კონსენსუსი, რომელიც არსებობდა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონფერენციის ბოლოს მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. რუსეთმა ეს გააკეთა, რადგანაც არ სურს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული რადიოლოგიური რისკი აღიაროს," - ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება 5 აგვისტოს შემდეგ დაძაბულია. კიევი და მოსკოვი ატომური ობიექტის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აშშ ეთანხმება უკრაინის მოთხოვნას, რომ რუსმა სამხედროებმა, რომელთაც სადგური მარტის შემდეგ აქვთ ოკუპირებული, ტერიტორია უნდა დატოვონ. ამასთან, გაერო მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს.

დღის ამბები