ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის მუშაობა გრძელდება. დღეს, პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სახალხო დამცველის შერჩევის წესზე იმსჯელებენ. ეს რეკომენდაციების მეთორმეტე პუნქტია. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფების მუშაობაში არ მონაწილეობს, დღეს, ამავე საკითხზე კონსულტაციებს დამოუკიდებლად მართავს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ისინი მზად არიან ჩაერთონ პროცესში არასამთავრობო სექტორთან ერთად და მხარი დაუჭირონ სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ.
გირჩის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია არა პროცედურა, არამედ თავად კანდიდატის პიროვნება. რაქვიაშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის მიერ იქნება წარმოდგენილი კანდიდატი.
სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მათთვის მისაღებია ის პროცედურა, რის მიხედვითაც მოხდა წინამორბედი სახალხო დამცველების უჩა ნანუაშვილისა და ნინო ლომჯარია შერჩევა. მისი თქმით, ოპოზიცია არ აპირებს ამ პროცედურის რევიზია მოახდინოს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კონკრეტული გეგმა და ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურების მაქსიმალური ეფექტიანად წარმართვა.
"გვაქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, თუ როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევის პროცედურების მაქსიმალური ეფექტიანად წარმართვა.
არასამთავრობოებს პროცედურა როგორ ესახებათ, ეს ჯერ კარგად გასაგები არ არის. ჩვენი მიზანია, რომ სრულად გავიგოთ, როგორია საკითხით დაინტერესებული საზოგადოების, პოლიტიკური ორგანიზაციების ხედვა. პირველ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა, რომ ცალკეული ორგანიზაციების რომელიმე შეხედულება არის უალტერნატივო,"– განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.