15 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისთვის მითითებები დასჭირდა - "ქართული ოცნება" დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნაზე

დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნაზე განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც. როგორც "ქართულ ოცნებაში" ითქვა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისთვის მითითებები დასჭირდა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში გაწერილია თანამდებობის პირების უფლებამოსილებები და ის არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას.

"პრეზიდენტის უფლებამოსილება არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას დასჭირდა ამ კომპეტენციის და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, კონსტიტუციაში წერია ყველა კონსტიტუციური ორგანოს და თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ და ეს არ არის ინტერპრეტაციის საშუალება და ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა ეს ყველაფერი, არის კონკრეტული კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას და ასეც მოიქცა," - აცხადებს მდინარაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააანალიზა შექმნილი ვითარება და მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

"საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე რა საკვირველია მნიშვნელოვანია რომ გაეროში გვყავდეს საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, ისევე როგორც კანადაში და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არ ვიცი რა შეიცვალა, ალბათ გააანალიზა სიტუაცია ადმინისტრაციამ და ანალიზის შედეგად მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე," - ამბობს ვოლსკი.

დღის ამბები