18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
საქართველოს მელიორაციამ ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა

საქართველოს მელიორაციამ, გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა.

დასრულებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ჯამში, 14 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა. პროექტის ღირებულება 2,7 მლნ ლარია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა, დაახლოებით, 30 წელია არ ფუნქციონირებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად კი, სოფელ ნადარბაზევის, ხურვალეთის, ჩობალაურის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია.

ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია. აღდგენითი სამუშაოები უტარდება წყალგამანაწილებელი არხის 6,5 კმ სიგრძის მონაკვეთს. სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში დამატებით 600 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

დღის ამბები